C ჰეპატიტის პროგრამა ზეპარტიულია და არის რაღაც საკითხები, რაც ადამიანმა არ უნდა იკადრო არაფრის ფასად - დავით სერგეენკო

16 იანვარი 2020, 12:32 1907 ნახვა

C ჰეპატიტის მართლაც გამორჩეული პროგრამა ზეპარტიულია და არის რაღაც საკითხები, რაც ადამიანმა არ უნდა იკადრო არაფრის ფასად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ჯანდაცვის საკითხებში, ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა.

სერგეენკო სახელმწიფო აუდიტის დასკვნას გამოეხმაურა და  პროგრამის მიმდინარეობასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა. დავით სერგეენკომ განმარტა, რომ ის იმ პერიოდში ჯანდაცვის მინისტრად მსახურობდა და განმარტების გაკეთება სავალდებულოდ ჩათვალა.

„დაზარალდა თუ არა თუნდაც ერთი პაციენტი ამით - არა, რადგან, განსხვავებით 2015-16 წლებისაგან, როდესაც პაციენტების მხრიდან მოთხოვნა ამ პროგრამაში ჩართვაზე უფრო მაღალი იყო, ვიდრე პროგრამის შესაძლებლობები, 2018 წელს ჩვენ გვიწევდა უფრო პროაქტიულად ძებნა - პაციენტების ამ პროგრამაში ჩასართავად.

მკურნალობდნენ თუ არა იმ პერიოდში პაციენტები ვადაგასული წამლით - არავითარ შემთხვევაში. ამ პერიოდში ჩვენ შემოსული გვქონდა ახალი პარტია ამ მედიკამენტის, რომელიც იყო ვადიანი“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა აღნიშნული პროგრამის ფინანსურ ნაწილზეც ისაუბრა.

„საქართველო ამ მედიკამენტს იღებს უფასოდ. სახელმწიფო აუდიტის სამსახური ვალდებული იყო, რომ რაღაც განფასება გაეკეთებინა ამ დონაციაზე და ვვარაუდობ, რომ მათ აიღეს „ვიკიპედიაში“, ან რაიმე ასეთ პორტალში ნანახი 2016 წლის ფასები, სადაც ეს მართლაც მაღალი ღირებულებისაა. 2018 წელს ეს მედიკამენტი უკვე რვაჯერ ნაკლები ღირდა, თუმცა ამას არ აქვს მნიშვნელობა. ერთადერთი მნიშვნელობა აქვს შედარებისათვის - თუ იგივე ფასებს ავიღებთ, გამოვა, რომ დღეის მდგომარეობით, ჩვენ უკვე 17 მილიარდი ლარის მედიკამენტი გვაქვს დახარჯული იმ 65 ათასი პაციენტის მკურნალობაზე“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

ყოფილი მინისტრის განმარტებით, საერთაშორისო პარტნიორებთან პროგრამის მიმდინარეობაზე უწყვეტი კომუნიკაცია ჰქონდა.

დავით სერგეენკოს განცხადებით, მედიკამენტის მარაგები მთელი საქართველოს მასშტაბით, არა თუ ერთი ფლაკონის, ერთი ტაბლეტის სიზუსტით იყო დაბალანსებული.

„გაჟღერდა ინფორმაცია, პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანებისგან, რომ მოხდა ამ მედიკამენტების ფარული გადაყიდვა და ასე შემდეგ. 2018 წლის განმავლობაში, უამრავმა საგამოძიებო თუ მაკონტროლებელმა ორგანომ ძალიან სკურპულოზურად შეამოწმა ეს ყველაფერი - მარაგები მთელი საქართველოს მასშტაბით და არა თუ ერთი ფლაკონის, ერთი ტაბლეტის სიზუსტით იყო ყველაფერი დაბალანსებული“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში