ორგანიზაციები და სამოქალაქო აქტივისტები რივიერას ცათამბჯენების ნებართვას სასამართლოში გაასაჩივრებენ

16 იანვარი 2020, 11:22 1941 ნახვა

4 ორგანიზაცია და ორი საინიციატივო ჯგუფი, რივიერას ცათამბჯენების ნებართვას სასამართლოში გაასაჩივრებენ - ამის შესახებ  აქტივისტებმა და ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ბრიფიგზე განაცხადეს, რომელიც რივიერას მიმდიბარე ტერიტორიაზე გაიმართა. ბათუმის კონცხზე, კომპანია "სილ ქროუდ ჯგუფი", 5 ცათამბჯენის მშენებლობას გეგმავს. ერთ-ერთ 42 სართულიან კოშკზე, საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ, 24 დეკემბერს ნებართვა გასცა. 

"მოძრაობა “დაიცავი ბათუმი”, საზოგადოება “ბათომი”, “მწვანე მომავალი”, “ახალგაზრდა მწვანეები” მწვანე ალტერნატივა, თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია შეშფოთებული ვართ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლით გავრცელებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ბათუმი რივიერაზე 42-სართულიანი კორპუსის მშენებლობის ნებართვა გასცა.

რივიერასთან დაკავშირებული სავარაუდო დანაშაულების სერია გრძელდება და ამ პროცესში ჩართულია ხელისუფლების ყველა შესაბამისი რგოლი. მას შემდეგ, რაც ადგილობრივმა თვითმმართველობამ საზოგადოებრივი ინტერესის უგულებელყოფით და სავალდებულო კვლევების გარეშე შეითანხმა განაშენიანების რეგულირების გეგმა, უკვე ცენტრალურმა ხელისუფლებამ, ეკონომიკის სამინისტრომ, საზოგადოება „ბათომის“ თხოვნის მიუხედავად, ფარულად, დაინტერესებული მხარეების გამორიცხვით, საზოგადოების ზურგს უკან შეითანხმა პროექტი.

ბათუმი რივიერაზე მშენებლობის ნებართვის გაცემა ღია დემონსტრირებაა იმისა, რომ ხელისუფლება არსებითად უგულებელყოფს საზოგადოებრივ ინტერესს და ყოველგვარი არგუმენტაციის, სამეცნიერო დასაბუთების გარეშე მხარს უჭერს პროექტს, რითაც ეკოლოგიური საფრთხის წინაშე აყენებს ქალაქს. მოვითხოვთ, გასაჯაროვდეს ყველა კვლევა და გადაწყვეტილების მიღების საფუძველი. ამასთან, შესაძლო შედეგზე, რასაც გამოიწვევს აღნიშნული ნებართვა, პასუხისმგებლობას ვაკისრებთ ხელისუფლებას. ჩვენ, ჩვენის მხრივ, სამართლებრივი და სოციალური არგუმენტების დამუშავების შემდეგ, მივმართავთ სასამართლოს" - განცხადებას ორგანიზაციები ერთობლივად აკეთებენ. 



რივიერაზე დაგეგმილი მშენებლობა და პროტესტი  - ისტორია მოკლედ

ბათუმის ისტორიულ კონცხზე, ცათამბჯენების მშენებლობის შესახებ ინფორმაცია, "სილქ როუდ ჯგუფმა" 2018  წლის ივლისში გაავრცელა და პროექტის საჯარო განხილვაც მოაწყო. 

ინფორმაციის გავრცელების პარალელურად, მალევე საზოგადოების ნაწილმა, ისტორიულ ზონაში შეუსაბამოდ მაღალი შენობების აგება გააპროტესტა. მთელი წლის განმავლობაში, სხვადასხვა ფორმით აქციები პროექტის წინააღმდეგ არ შეწყვეტილა. საპროტესტო აქციებში ჩაერთო "საზოგადოება ბათომი", რომელიც სპეციალისტების დასკვნების საფუძველზე მიიჩნევს, რომ ტერიტორიას ისტორიული დაცვის ზონაშია და იქ 3 სართულიანი შენობებზე მაღალი კორპუსების ჩადგმა შეუსაბამო და უკანონოა. 

​პროექტის წინააღმდეგ გამოვიდა "მწვანე ალტერნატივაც", რომელის წევრები თვლიან, რომ შავი ზღვის სანაპიროზე, ამ კონცხზე შესაბამისი კვლევების გარეშე განხორციელება, ეკოლოგიურ რისკებს შეიცავს. 

საინიციატივო ჯგუფის - "დაიცავი ბათუმის" წევრები კი (ჯგუფი იმ მოქალაქეებს აერთიანებს, რომლებიც სხვადასხვა დროს "ძველი ბულვარისა" და "რვაფეხას" დაცვის აქციებში იყვნენ ჩართულები- ავტ.) ამბობენ, რომ სანაპიროზე დარჩენილი ერთადერთი ღია სივრცე, ძველი ბათუმის ნაწილი, არ უნდა "ჩაბეტონდეს". 

წლის განმავლობაში, რივიერას საკითხზე ათეულობით ქუჩის აქცია გაიმართა და პერფომანსი მოეწყო, გაკეთდა -, პრემიერის, "ქართული ოცნების" ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის თუ ადგილობრივი მთავრობის მისამართით. შეგროვდა 800-მდე მოქალაქის ხელმოწერა, რომლებიც გაეროს დაფინანსებით ჩატარებულ მულტიდისციპლინარულ კვლევას ეყრდნობიან, სადაც ეკოლოგიურ საფრთხეებზეა საუბარი. 

ხმაური და პროტესტი მოჰყვა ყველა საკრებულოს სხდომას, სადაც პროექტის სხვადასხვა ეტაპის დამტკიცების საკითხი გადიოდა. 

დაპირისპირება და მწვავე შეფასებები მოჰყვა ბათუმის მერის ერთპიროვნულ გადაწყვეტილებასაც, რომელმაც ისტორიული დაცვის ზონიდან ამოიღო რივიერას მონაკვეთი და ისე გააგზავნა დასამტკიცებლად საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში. "ბათომისა" და საინიციატივო ჯგუფის წევრებმა ამის გამო, ბათუმის მერი ლაშა კომახიძე ღიად დაადანაშაულეს ტყუილში, კანონის დარღვევაში და პროექტის ლობირებაში. თვლიდნენ, რომ ლაშა კომახიძემ განზრახ ამოჭრა ეს მონაკვეთი ისტორიული დაცვის ზონის დოკუმენტიდან, პროექტის განხორციელებას პრობლემები რომ არ შექმნოდა მომავალში. 

მერმა ბრალდებები კატეგორიულად უარყო. თუმცა ლაშა კომახიძემ არ მალავს რომ პროექტის განხორციელების მომხრეა, მოქალაქეების პროტესტი კი "ცათამბჯენების კომპლექსით" ახსნა. საბოლოოდ მერის მიერ გაგზავნილი პროექტი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში იმიტომ დაიწუნეს და არ დაამტკიცეს, რომ ისტორიული დაცვის ზონის დოკუმენტიდან,  მეცნიერული დასაბუთების გარეშე იყო ამოღებული რივიერას ნაწილი. (ისტორიული დაცვის ზონა, ბათუმში ამ დრომდე არ არის დამტკიცებული). 

პროექტი მოსწონს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რჟვაძესაც, რომელმაც საინიციატივო ჯგუფის -"დაიცავი ბათუმის" წევრებთან რამდენიმე შეხვედრა გამართა, თუმცა უშედეგოდ. შეხვედრა ამ ჯგუფთან მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც რივიერას საწინააღმდეგო კამპანიის კომენტირებისას, ცნობილი ფრაზა - "ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის" ახსენა. 

მოქალაქეების პროტესტი ოპოზიციის აქციად შეაფასა ბიძინა ივანიშვილმაც. აღსანიშნავია, რომ "სილქ როუდ ჯგუფი" სწორედ ბიძინა ივანიშვილის თანადაფინანსების ფონდის დახმარებით გეგმავს ამ პროექტის განხორციელებას. 

"სილქ როუდ ჯგუფის" პოზიცია

რაც შეეხება კომპანიას, ის მოქალაქეებისა და სპეციალისტების პოზიციას კატეგორიულად ემიჯნება. კონკრეტულ ბრალდებებზე "ბათუმი რივიერას" დირექტორს, გიორგი კაპანაძეს პასუხები აქვს.  ამბობს, რომ რივიერა მოექცევა თუ არა ისტორიული დაცვის ზონაში, ეს პროექტის განხორციელებას ხელს არ შეუშლის. კაპანაძის მტკიცებით, პრეცენდენტულად რივიერას მიმდებარედ არის განთავსებული ძალიან მაღალი შენობები  - "პორტა თაუერი" და "ტექნოლოგიური უნივერსიტეტი", ამიტომ მათ კანონით აქვთ საშუალება, აქ ცათამბჯენები ააგონ. 

რაც შეეხება ეკოლოგიურ საფრთხეებს, "სილქ როუდ ჯგუფის" წარმომადგენლების ინფორმაციით, მათ იტალიურ კომპანიას დაუკვეთეს 100 000 ევროს ღირებულების  კვლევა, რომელიც ამ საფრთხეებს აბათილებს. იტალიელი სპეციალისტების მიერ მოკვლეული ინფორმაციის თანახმად, ზღვის სანაპიროზე 5 ცათამბჯენის მშენებლობა საფრთხეს არ წარმოადგენს. "ბათუმი რივიერაში" ირწმუნებიან, რომ მყვინთავების ჩართულობით კონცხის წყლისქვეშა გამოკვლევაც მოხდა.

სწორედ ამ ფაქტის გამო, "დაიცავი ბათუმის" წევრები კომპანიის წარმომადგენლებს სიცრუეში ადანაშაულებენ. ამბობენ, რომ "სილქ როუდ ჯგუფის" მიერვე დაკვეთილ იტალიელების კვლევის ინგლისურენოვან ვერსიაში, საფრთხეების შესახებ წერია. მყვინთავების დახმარებით კი კონცხი არავის შეუსწავლია, რადგან ისინი ქართველი სპეციალისტების კვლევებს დაეყრდნენ, რომლებიც 2018 წლის შემოდგომაზე ჩატარდა.  

რისი აშენება სურს ბათუმის ისტორიულ კონცხზე "სილქ როუდ ჯგუფს"?

6 ჰექტარი ტერიტორიაზე, რომელიც "კომპანია "სილქ როუდ ჯგუფის" საკუთრებაა, თავდაპირველად 4 საცხოვრებელი კორპუსის და 2 სასტუმროს აშენება იგეგმებოდა, თუმცა შემდეგ ერთი ცათამბჯენის აშენება გადაიფიქრეს.

პროექტის ფარგლებში იგეგმება იახტკლუბის, ხელოვნური ტბისა და სარეკრეაციო სივრცის მოწყობა. 

“რივიერას„ ტერიტორია „სილქ როუდ ჯგუფმა“ 2006 წელს 10,086,000 ლარად  საგადასახადო ორგანოს მიერ ორგანიზებულ აუქციონზე შეიძინა.

პირველი ფაზის მშენებლობა 2019 წელს იგეგმება და დაახლოებით სამი წელი გაგრძელდება. მისი სრული ღირებულება, 73. 5 მლნ. დოლარია, ხოლო პროექტირების ფასი - 2.5 მლნ. დოლარზე მეტია. 

 

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში