"შემოდიოდა ჩიჩილაკებით ჩვენში კალანდა"- ძველით ახალი წელი გურიაში

13 იანვარი 2020, 21:38 747 ნახვა

"კალანდა“ - ლათინური სიტყვაა და ახალი წლის პირველ დღეს ნიშნავს.
მეკვლის ფეხადობით, საკალანდოდ დაკლული ღორით, ღვეზლით, გოზინაყით, მარანში შავი ღვინით და კრიმანჭულით ეგებებიან გურულები ახალ წელს.

კალანდის მთავარი ატრიბუტი ჩიჩილაკი, ხოლო მთავარი სტუმარი მეკვლეა.

ჩიჩილაკის ბურბუშელები, სიმბოლურად წმინდა ბასილი დიდის წვერად არის მიჩნეული, თავად ჩიჩილაკი კი მზედ. ჩიჩილაკს თავზე ჯვარს უკეთებენ. ძირში სუროს უფენენ, ხილით, ჩირით და ჩურჩხელით ამკობენ. ის თხილის ჯოხიდან მზადდება და გურულები წყალკურთხევამდე ინახავენ, შემდეგ კი წვავენ ან წყალს ატანენ. 

გურიაში მეკვლეს კუჩხას ან ფეხადს უწოდებენ. საჩუქრებით დატვირთული ფეხადი შუაღამის შემდეგ პირველი შედის ოჯახში, ისვრის თოფს, ანთებს ბუხარს და ოჯახს ხვავსა და ბედნიერებას უსურვებს. მეკვლე აუცილებლად უნდა იყოს ჯანმრთელი და ბედნიერი ადამიანი, საინტერესო მოსაუბრე ნაცნობებსა და ნათესავებს შორის.

მეკვლე კარებზე სამჯერ დააკაკუნებდა და დაიძახებდა: "კარი გამიღე!“ სახლიდან სამჯერ უპასუხებდნენ: „რა მოგაქვს?“. მეკვლე პასუხად ჩამოუთვლიდა: „მშვიდობა, ღვთის წყალობა, ჯანჯუხა, ხაჭაპური, ტკბილეული..." შემდეგ მას კარებს უღებდნენ და იწყებოდა საახალწლო მილოცვები.

კალანდის დილა თოფების გრიალით იწყებოდა და ასე ამცნობდნენ გურულები ერთმანეთს ახალი წლის შემობრძანებას.

 

ანა ახალაძე
ჟურნალისტი / სტაჟიორი

ამავე კატეგორიაში