მინდა ბათუმიდანაც შემეხმიანონ... ადამიანი, რომელიც ქუჩის ძაღლებს "სახლებს" უკეთებს

10 იანვარი 2020, 11:44 4693 ნახვა

ლევან ჩხაიძის ინიციატივითა და ორგანიზებით, ბათუმში მიუსაფარი ცხოველებისთვის, სხვადასხვა ადგილზე საცხოვრებელი "სახლები" დაიდგა. ლევანი ქუჩაში მცხოვრები უპატრონო ცხოველებისთვის კერის შექმნას საკუთარი რესურსებით, მოხალისეობრივად  ცდილობს.

ამბობს, რომ ბევრი ადამიანი გამოეხმაურა საქართველოს მასშტაბით, თუმცა სურს, რომ ამ პროცესებში ბათუმელებიც ჩაერთონ და უფრო აქტიურები იყვნენ.

მისთვის აუცილებელი არ არის ფინანსური მხარდაჭერა, თანაქალაქელების დახმარება ამ "სახლების" ადგილების შერჩევაში, ფეისბუქ გვერდის მართვასა და კამპანიის ორგანიზებაში სჭირდება. თუმცა, არც ფინანსური რესურსი აქვს დიდი, ლევანი მეუღლესთან და მეგობრებთან ერთად, საკუთარი ხარჯებით კრავს ხის სახლებს, შიგადაშიგ მოხალისეები და ცხოველების მოყვარული ადამიანებიც ეხმარებიან.  

"მიუსაფარ ძაღლებზე ისეთ დამოკიდებულება გვაქვს, თითქოს არაფრად მივიჩნევთ... გვაქვს სტერილიზაციის პრობლემა ბათუმში და არა მარტო ბათუმში, ქვეყანაშიც...  მინახავს ბევრი ძაღლი ქუჩაში, რომელსაც აცრის და სტერილიზაციის აღმნიშვნელი ბირკები არ აქვთ, ამის გამო, გამრავლდა ქუჩის ძაღლები. მინდა, რომ ეს პრობლემები გადაიჭრას, ხოლო ქუჩაში მცხოვრებ ძაღლებს გაუჩნდეთ კერა, ასეთ სახლებში შესახლდნენ და ადამიანებმა მოუარონ...  მე და ჩემმა მეუღლემ დავიწყეთ ეს საქმე, სახლები გავაკეთეთ და ვდგამთ ისეთ ადგილებზე, სადაც არის ვიდეოკამერები, სადაც ხალხი დადის. აუცილებელია ეს სახლები იყოს ცენტრში, იმისთვის რომ ბათუმელებმა საჭმელი დაუყარონ სპეციალურად განთავსებულ ჭურჭელში, ჩაუსხან წყალი..." - ამბობს ლევანი. 

მისი თქმით, ძაღლებისთვის "კერის" შექმნის კამპანიაში მხარდაჭერა ბევრმა ადამიანმა აღუთქვა, თუმცა მათ შორის დიდი ნაწილი არ არის ბათუმელი.  "გამომეხმაურნენ ადამიანები, დაახლოებით 10-მდე ადამიანი შემეხმიანა და დახმარება შემომთავაზა... ერთად ვაკეთებთ ამ საქმეს. მაგრამ, თუ თბილისიდან ან სხვა ქალაქებიდან გამომეხმაურნენ, მინდა ბათუმიდანაც შემეხმიანონ..." - ამბობს ლევან ჩხაიძე.



ბათუმში, 2019 წლის მონაცემებით, 3950 ქუჩის ძაღლი ცხოვრობს. გასულ წელთან შედარებით მონაცემები გაზრდილია.  ქუჩის ძაღლების მზარდი სტატისტიკა. მიუხედავად იმისა, რომ ცხოველების კასტრაციისა და აცრისთვის წლების განმავლობაში ასი ათასობით ლარი იხარჯება, ქალაქში იმატებს მიუსაფარი ძაღლების რიცხვი. სპეციალისტები ამბობენ, რომ ბათუმის შემოგარენიდან მეპატრონეები ხშირად ტოვებენ ქალაქში ძაღლებს, ასევე, ხშირი შემთხვევაა, ო​ჯახს ჰყავს ძაღლი, შემდეგ სხვადასხვა მიზეზი აღარ უვლის და ქუჩაში ტოვებს. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში