24 წლის კაცის მკვლელობის საქმეში ბრალდებული მეორე პირიც დააკავეს

08 იანვარი 2020, 21:57 1440 ნახვა

თბილისში სასაფლაოზე მომხდარი დაპირისპირებისა და მკვლელობის საქმეზე, ინციდენტში მონაწილე მეორე პირიც დააკავეს. განცხადებას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა თანმხლებ პირთან ერთად წურწუმიას, სიცოცხლისთვის სახიფათო სხეულის დაზიანებები მიაყენა, რამაც ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. 

„თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მეექვსე ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ჩადენილი ჯგუფურად, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) და სსკ-ის 126 -ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ბრალდებულის სახით დაკავებულია ვ.ბ.

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 2 იანვარს, ღამის საათებში, მ. ჩ. და მ.წ. იმყოფებოდნენ ქ. თბილისში, ვარკეთილის მე-3 მასივში, ე.წ. „დამპალოს სასაფლაოს“ ტერიტორიაზე, სადაც ასევე იმყოფებოდნენ ბრალდებული ზ. ფ. და ვ. ბ. ხსენებულ პირებს შორის ურთიერთშელაპარაკება წარმოიშვა მ. ჩ. -ს და გარდაცვლილ მ. წ.-ს მიერ ბრალდებულ ზ. ფ. -ს საკუთრებაში არსებული ავტომანქანის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების ნიადაგზე.

ბრალდებული ზ. ფ. მის თანმხლებ პირთან ვ.ბ.-სთან ერთად შეეცადა ზემოხსენებული პირების შეჩერებას. კონფლიქტში მონაწილეთა შორის ფიზიკური დაპირისპირება გაგრძელდა რამდენიმე წუთის განმავლობაში, რა დროსაც ბრალდებულმა ზ.ფ.-მ ვ.ბ.-სთან ერთად ჯგუფურად, მ.წ.-ს მიაყენეს სიცოცხლისთვის სახიფათო სხეულის დაზიანებები, რამაც ამ უკანასკნელის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ხოლო მ.ჩ.-მ ბრალდებულების მხრიდან ჯგუფურად განხორციელებული ცემის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი”, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

საქმეზე ერთი პირი უკვე დააკავეს. გაიმართა სასამართლო პროცესიც და ბრალდებული პატიმრობაში დატოვეს.

თბილისში, 2 იანვარსს, 24 წლის მამაკაცი ქუჩაში ნაცემი იპოვეს. გარდაცვლილის დედა აცხადებს, რომ ჩხუბი სასაფლაოზე მოხდა, სადაც მოკლული და მისი 21 წლის ძმა იმყოფებოდნენ. ყვება, რომ უმცროსმა ძმამ გაქცევა მოახერხა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში