მეუფე დიმიტრი ცრუობს, პრეზიდენტისა და პატრიარქის დიალოგიც ვიცი - თორნიკე მამალაძე 

07 იანვარი 2020, 14:37 1918 ნახვა

დეკანოზი გიორგი მამალაძის ძმა, თორნიკე მამალაძე ამბობს, რომ მეუფე დიმიტრი 4 იანვარს, საქართველოს საპატრიარქოში იმყოფებოდა, როცა იქ იყო საქართველოს პრეზიდენტი და დეკანოზი გიორგი მამალაძის საკითხზე ისაუბრეს.

თორნიკე მამალაძე ირწმუნება, რომ ამ დიალოგის შესახებ ინფორმაცია მას 3 მეტრს რადიუსში მდგარი პირებისგან მიიღო. 

"დაზუსტებით ვიცი, რომ 4 იანვარს, საღამოს, როცა პრეზიდენტი იმყოფებოდა პატრიარქთან, იქ რამოდენიმე ადამიანი იყო სულ, მატ შორის ორი ადამიანი იდგა სამი მეტრის რადიუსში, რომლებმაც მომაწოდეს იდენტური ინფორმაცია თუ რაზე საუბრობდნენ. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჰკითხა პატრიარქს, თუ რა უნდა ექნა საშობაოდ დეკანოზის შეწყალებაზე, რაზეც პატრიარქმა უთხრა, რომ თუ მას სურვილი ექნებოდა დეკანოზის შეწყალების, ეს წინა პრეზიდენტის დროსაც მოხდებოდა და მაშინ მიმართავდა წინა პრეზიდენტს და მთავრობას ამ თხოვნით" - ირწმუნება საპატრიარქოს მდივნის, შორენა თეთრუაშვილის მოწამვლის დაგეგმვაში ბრალდებული დეკანოზის ძმა.

თორნიკე მამალაძე ამბობს, რომ ბათუმისა და ლაზეთის ეპისკოპოსის, მეუფე დიმიტრის ბრალდებები და განცხადებები იმით აიხსნება, რომ ის გარიგებაზე წავიდა ხელისუფლებასთან, ჯერ კიდევ გიორგი კვირიკაშვილის პრემიერობის დროს. 

"საქმე ეხება თავისი ოჯახის წევრს, თავის ბიძას. მას, ამ საქმეში აქვს სრულყოფილი ინფორმაცია როგორც დეკანოზის მამალაძის მხრიდან, ასევე სოსო ოხანაშვილის მხრიდანაც. რა უნდა ვუპასუხო ამ ადამიანს, ის არის ჩართული ამ საქმეში, რადგანაც მოგეხსენებათ, როდესაც პრემიერ მინისტრი კვირიკაშვილი იყო და შეხვდა მეუფე დიმიტრის შედგა შეთანხმება. შეთანხმებით მეუფე დიმიტრი არ დაეხმარებოდა ჩემს ძმას, მეტიც წინააღმდეგ წავიდოდა, სანაცვლოდ სოსო ოხანაშვილსა და მეუფე დიმიტრის ხელს არ მოჰკიდებდნენ. თქვენ იცით, რომ თავიდან ე.წ. ციანიდის საქმე ჯგუფურ დანაშაულზეც მიდიოდა, ამ საქმეში კი სოსო ოხანაშვილიც და მეუფეც იგულისხმებოდა. ამ შეთანხმების საფუძველზე, მეუფე დიმიტრი აკეთებს ყველაფერს, რომ ჩვენ დაგვადანაშაულოს. გუშინაც, ცილისმწამებლური განცხადება გააკეთა, მეუფე პეტრე ცაავა დაადანაშაულა იმაში, რომ დეკანოზი საპყრობილეშია და მისი შეწყალება არ მოხდა.  თქვა, რომ მეუფე პეტრე უფრო ძლიერია, ვიდრე შეხვედრიხარ და პატრიარქი" - განაცხადა თორნიკე მამალაძემ.

ბათუმისა და ლაზეთის ეპისკოპოსმა, მეუფე დიმიტრიმ დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საქმეზე განმარტებები საშობაო წირვის შემდეგ გააკეთა. მეუფემ თქვა, რომ პრეზიდენტთან შეხვედრაზე არაფერი თქმულა დეკანოზთან დაკავშირებით და ცრუ ინფორმაციას ავრცელებს მამალაძეების ოჯახი. 

''რაც შეეხება დეკანოზ გიორგი მამალაძეს, მოლოდინი გვქონდა გათავისუფლდებოდა იმიტომ, რომ სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება და შუამდგომლობით მიმართა პრეზიდენტს. ის, რომ მისი ძმა გამოვიდა და იძახდა ვითომ, რაღაც დიალოგი იყო პრეზიდენტთან, ეს სრული აბსურდია. მე ვიცი პატრიარქის მისი უწმინდესობის განწყობა, ბოლო სინოდის წინა დღეს, პირადად მე მესაუბრა და მისი ინიციატივა იყო, რომ შეგვეწყალებინა, მას ეკუთვნის სიტყვები, რომ ეს ცოდვის ორომტრიალი უნდა დასრულდეს და მართლაც მეორე დღესვე დააყენა სინოდზე ეს საკითხი. მე არ ვიცი შემდეგ რა შეიცვალა, თვითონ პრეზიდენტმა ბრძანა, რომ სრულ პასუხიმგებლობას მე ვიღებ ჩემს თავზეო" - .განაცხადა მეუფემ. 

 

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი