სინოდი არაფერს წარმოადგენს, ეს დადგმული სპექტაკლია - გიორგი მამალაძის მამა

06 იანვარი 2020, 12:25 1574 ნახვა

დეკანოზ გიორგი მამალაძის მამა ამბობს, რომ პრეზიდენტმა ზეწოლას ვერ გაუძლო და ამიტომ მიიღო ეს გადაწყვეტილება. ზეწოლას კი, მთავრობა და საპატრიაქო ერთობლივად ახორციელებდნენ.

რაც შეეხება სინოდის შეწყალების თხოვნას, ავთანდილ მამალაძე ფიქრობს, რომ ეს იყო დადგმული სპექტაკლი.  

''ჩვენმა პრეზიდენტმა ვერ გაუძლო ზეწოლას, რომელიც დაბუდებულია საპატრიარქოში და მთავრობაში. სწორედ ამაშია მათი დანაშაული. რომ ამბობს პრეზიდენტი პატრიარქრზე თავდასხმაო, სად უწერია ეს, შეცვლილია ხომ... ხან ერთ თამაშობენ, ხან მეორეს. სინოდი არაფერს არ წარმოადგენს, ეს დადგმული სპექტაკლია. დადგეს სპექტაკლი თითქოს გადაუგზავნიდნენ პრეზიდენტს თხოვნას შეწყალებაზე, მერე კი ზეწოლას განახორციელებდნენ. სინოდს შეიძლება უნდა, საპატრიარქოს ზედა ეშელონში ვინცაა, იმას არ უნდა. 

შემდეგი ნაბიჯი რა იქნება ზუსტად ვერ გეტყვით, ალბათ აქციები... დავფიქრდები, ახლა გაყინული ვარ, ვერ ვლაპარაკობ'' - განაცხადა გიორგი მამალაძის მამამ. 

საქართველოს პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით ოჯახმა უკვე მესამედ მიმართა. 

სალომე ზურაბიშვილმა საშობაოდ 5 ადამიანი შეიწყალა, მათ შორის ვერ მოხვდა გიორგი მამალაძე. პრეზიდენტმა  თქვა, რომ არ გაითვალისწინა წმინდა სინოდის თხოვნა და არ შეიწყალა ე.წ. ციანიდის საქმეზე დაკავებული ყოფილი სასულიერო პირი, რადგან მისთვის ეკლესიაზე შეტევა მიუღებელია და სახელმწიფოზე შეტევას ნიშნავს. 

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ შეწყალებასთან დაკავშირებული შუამდგომლობა საქართველოს საპატრიარქოდან 2019 წლის 8 ნოემბერს მიიღო. ​

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში