832 551 ლარი 12 ლიფტის გამოსაცვლელად - ქობულეთის მერიის ტენდერი

04 იანვარი 2020, 15:26 3346 ნახვა

ქობულეთში, მრავალბინიან კორპუსებში, ძველი, მწყობრიდან გამოსული ლიფტების გამოცვლა იგეგმება. მერიამ 6 მრავალბინიან კორპუსში 12 ახალი ლიფტის მოსაწყობად ტენდერი  გამოაცხადა. 

სატენდერო პირობების თანახმად დასამონტაჟებელი ელექტრონული ლიფტი უნდა იყოს ახალი და აკმაყოფილებდეს საქართველოში მოქმედი ლიფტების მოწყობისა და ექსპლოატაციის ნორმებსა და წესებს.

ტენდერში გამარჯვებულს, რომელიც მუნიციპალიტეტის მიერ გაწერილ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, მერია მზადაა 832 551 ლარი გადაუხადოს.

ლიფტების გამოცვლა იგეგმება აბაშიძის 12 ნომერში, რუსთაველის 162 ბ, 162 ვ, 162 გ, 162 დ, 162 ზ - ში მდებარე კორპუსებში.

მუნიციპალიტეტში ამბობენ, რომ მათ მოსახლეობის მოთხოვნა გაითვალისწინეს. მათივე განმარტებით აღნიშნული ლიფტები ძველი და ავარიული იყო.

"აქამდე მოსახლეობა ლიფტების რეაბილიტაციას მხოლოდ საკუთარი ძალებით ახდენდა. სიძველის გამო ლიფტების ნაწილი დღემდე უფუნქციოდაა და არ მუშაობს, ამიტომ აღნიშნულ კორპუსებში ლიფტის შეცვლა გადაწყდა"- ამბობენ ქობულეთის მერიაში.

ტენდერის თანახმად ძველი ლიფტების ახლით ჩანაცვლების პროცესი ზაფხულამდე უნდა დასრულდეს. 

ქობულეთის მერიამ  სამი წლის წინ ლიფტები 5 კორპუსში შეცვლა, რომლებიც ასევე სიძველის გამო მწყობრიდან იყო გამოსული. ტენდერის წარმატებით დასრულების შემთხვევაში ქობულეთში არსებულ მრავალბინიან კორპუსებში ლიფტების  რეაბილიტაციის პროცესი სრულიად დასრულდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში