შეწყალების თხოვნა დავწერე გუშინ, იქ ბრალი აღიარებული არ მქონდა - ვაჟა გაფრინდაშვილი

28 დეკემბერი 2019, 21:16 644 ნახვა

შეწყალების თხოვნა დავწერე გუშინ საღამოს, დაახლოებით 7 საათი იყო, მაგრამ იქ მე ჩემი ბრალი აღიარებული არ მქონდა, რაც იყო თავიდანვე - ეს განცხადება საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებულმა ვაჟა გაფრინდაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"ჩემი პოზიცია იყო პირველივე დღიდან და არც შემიცვლია ეს ჩემი პოზიცია იყო, რომ მე არ დამიტოვებია საქართველოს საზღვარი, იმიტომ რომ მე საზღვრის გადაკვეთა ვიცი.... წელს, დაახლოებით, 7 ქვეყანაში მომიწია ყოფნა. ვიცი საზღვრის გადაკვეთა, როგორ ხდება. მე პირველივე დღესვე, რუსი მესაზღვრეები იქნებოდნენ, თუ ცხინვალის მილიციის თანამშრომლები, ვეუბნებოდი, რომ საქართველოს ტერიტორია არ დამიტოვებია, მე ვიმყოფები რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე.

წერილში მიწერია, რომ დამაკავეს რუსებმა, მომისაჯეს ამდენი და გთხოვთ გამათავისუფლოთ თქო.

ჩემი დაკავება და სასჯელის მისჯა იყო არა საქციელის გამო, არამედ იმის გამო, რასაც მე ვამბობდი. მე პირველივე დღესვე რუსი მესაზღვრე იქნებოდა თუ ცხინვალის წარმომადგენელი ვეუბნებოდი, რომ მე საქართველოს ტერიტორია არ დამიტოვებია"- განაცხადა ვაჟა გაფრინდაშვილმა.

ვაჟა გაფრინდაშვილმა თქვა, რომ დაკავებული ქართველების მიმართ დამოკიდებულება იყო ნორმალური პირველივე დღიდან. მისივე თქმით, არავითარი განსაკუთრებული ზეწოლა და ცუდი დამოკიდებულება არ ყოფილა.

უკანონოდ დაკავებული ექიმი ამბობს, რომ ოკუპირებულ რეგიონში ავადმყოფის სანახავად წავიდა, თუმცა პაციენტის სახელსა გვარს გარკვეული მიზეზები გამო ვერ დაასახელებს.

„გასახსენებელი ბევრი არაფერია. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რაც იყო, ეს იყო ჩემი ავადმყოფის ნახვა,რომელზეც მაპატიეთ, სამწუხაროდ, ვერ ვიტყვი გვარს და იმას სად ცხოვრობდა, იმიტომ, რომ პრობლემა შეექმნება იმ ადამიანს. წავედი სანახავად უფრო, დახმარება შეიძლება უფრო ნაკლებად ითქვას, ვერ ვიტყვი ვინ იყო. როცა დამაკავეს რუსეთის სასაზღვრო ნაწილებმა, იქ , უკვე ვუთხარი მიზეზი, რომ ეკლესიის ნახვა მინდოდა სოფელ მონასტერში“, - განაცხადა ვაჟა გაფრინდაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში