პირადობის მოწმობა “ჩიპის გარეშე” - არის თუ არა არჩევნების გაყალბების საფრთხე?

27 დეკემბერი 2019, 15:12 2833 ნახვა

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით  მოქალაქეებს, რელიგიური შეხედულებების გამო, უკვე შეუძლიათ იუსტიციის სახლს მოსთხოვონ პირადობა, ელექტრონული მატარებლის, ანუ "ჩიპის" გარეშე. სასამართლოს გადაწყვეტილებას პოლიტიკურ წრეებში მწვავე კრიტიკა მოჰყვა. ოპოზიცია აცხადებს, რომ ხელისუფლება არჩევნების გაყალბებისათვის ემზადება და "უჩიპო" პირადობები ამ პროცესს გაამარტივებს. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ იდენტიფიცირების უტყუარობა განსაკუთრებით მარტივად ელექტრონული მატარებლის ჩიპის ქონის შემთხვევაშია სარწმუნო, ხოლო ახალი პირადობების გამარტივებული მიღება მათი მტკიცებით პირდაპირაა დაკავშირებული საარჩევნო პროცედურებთან.

ამ გადაწყვეტილების არჩევნებთან დაკავშირება მმართველი გუნდისთვის ოპოზიციის მიმართ საკუთარი გამოცდილების შეხსენების საფუძველი გახდა. აქ ირწმუნებიან რომ "ქართული ოცნების" პირობებში არჩევნების გაყალბებები არ ყოფილა და არც სამომავლოდ იგეგმება. 

არასამთავრობო ორგანიზაციებში ამბობენ, რომ ეჭვები საარჩევნო სამზადისთან დაკავშირებით საკმაოდ რთულად არის დასამტკიცებელი. ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ვიზლებერალიზაციის მიღწევის ერთ-ერთი შედეგი ბიომეტრიულ პასპორტების მიღების დამსახურებაა.  ამ ეტაპზე კი ცვლილება ბიომეტრულ პასპორტებს არ ეხება.

უმრავლესობაში ამბობენ, რომ ეს ბრალდება უსაფუძვლოა. საკონსტიტუციო სასამართლოსადმი ასეთი დამოკიდებულება კი მიუღებელია. 

სასამართლოს საკანონმდებლო ცვლილებისთვის მოქალაქეებმა მიმართეს, რომლებიც განმარტავდნენ რომ ჩიპიანი პირადობების აღებაზე რელიგიური მიზეზით მოქალაქეები უარს ამბობენ და ეს მათ კონსტიტუციურ უფლებებს ეწინააღმდეგება. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ აქვს თუმცა ნორმა, რომელიც იუსტიციის სამინისტროს მხოლოდ ჩიპიანი პირადობების დამზადებას ავალდებულებდა შეაჩერა.

 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში