ბათუმში, თბილისსა და ქუთაისში ნარკოტიკების დასამზადებელი ლაბორატორიები აღმოაჩინეს - შსს

26 დეკემბერი 2019, 14:04 5418 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში, თბილისსა და ქუთაისში დიდი ოდენობით ნარკოტიკები და ნარკოტიკების დასამზადებელი ლაბორატორიები აღმოაჩინეს, დაკავებულია საქართველოს 1 და უცხო ქვეყნის 5 მოქალაქე. 

უწყებაში ამბობენ რომ, აიყვანეს საქართველოში მოქმედი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, რომლებიც რუსეთის, უკრაინის და ყირგიზეთის მოქალაქეები არიან.

სამართალდამცველებმა თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული ინტენსიური კომპლექსური სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დააკავეს: საქართველოს, რუსეთის, უკრაინისა და ყირგიზეთის სულ 6 მოქალაქე, რომელთა ასაკი  20 დან 40 წლამდეა. საქართველოს მოქალაქე კი 33 წლისაა.

ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი და დროებითი საცხოვრებელი სახლებისა და ბინების ჩხრეკისას, ასევე, სხვადასხვა ადგილას მდებარე სამალავებიდან სულ ამოიღეს 21 კილოგრამამდე ფხვნილის სახით და 10 ლიტრამდე სითხის სახით ნარკოტიკული საშუალება „ალფა-პვპ“.

ამოღებული ნარკოტიკების საბაზრო ღირებულება შავ ბაზარზე 6 მილიონამდე ლარს შეადგენს.

''თბილისსა და ბათუმში ნივთმტკიცებად ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დასამზადებლად საჭირო ლაბორატორიული ინვენტარი და სხვადასხვა სახის ქიმიური ნივთიერება. გამოძიების ფარგლებში, პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე განახორციელა ბრალდებულების დანაშაულებრივი ქმედებების ფარული ვიდეო-აუდიო ჩაწერა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ნარკორეალიზატორთა საერთაშორისო ორგანიზებული დაჯგუფება ინტერნეტ აპლიკაცია ,,ტელეგრამში“ შექმნილი ჯგუფების გამოყენებით სომხეთში, ყირგიზეთში, უზბეკეთში, ტაჯიკეთსა და საქართველოში, კერძოდ, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადებას, შეძენა- შენახვას და რეალიზაციას ახდენდა.

აღნიშნული ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების რეგიონალური მენეჯერი, უკრაინის მოქალაქე ორგანიზაციისთვის შესაბამის კადრებს არჩევდა, შერჩეული კადრები საქართველოში ჩამოჰყავდა და მათ კოორდინაციას უწევდა.

''გამოძიებით დადგინდა, რომ ყირგიზეთის მოქალაქე დ.კ., თბილისში, აფრიკის დასახლებაში ხოლო საქართველოს მოქალაქე გ.რ. ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე სპეციალურად მოწყობილ ნარკოლაბორატორიებში სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებისა და პრეკურსორის შერევის შედეგად, ნარკოტიკულ საშუალება „ალფა-პვპ“-ს ამზადებდნენ და დამფასოებლებისთვის ხელმისაწვდომ ადგილებზე ათავსებდნენ. მათ უშუალო კავშირი ჰქონდათ თავის ხელმძღვანელებთან, რომლებსაც დამზადებული ნარკოტიკული საშუალებების განთავსების ადგილების ფოტოსურათებს და სამალავების კოორდინატებს უგზავნიდნენ.

რუსეთის მოქალაქე რ. ი-ს ფიქტიური ფირმის სახელზე საზღვარგარეთიდან იგზავნებოდა ნარკოტიკული საშუალების დასამზადებლად საჭირო ქიმიური ნივთიერებები, რომლებსაც ნარკოლაბორატორიაში მომუშავე პირებისთვის ხელმისაწვდომ ადგილებზე ათავსებდა. მას უშუალო კავშირი ჰქონდა თავის ხელმძღვანელებთან, რომლებსაც ქიმიური ნივთიერებების განთავსების ადგილების ფოტოსურათებს და სამალავების კოორდინატებს უგზავნიდა.

გამოძიებით, ასევე, დადგენილია, რომ ყაზახეთის რესპუბლიკის მოქალაქე ხ.ტ. ყირგიზეთის მოქალაქის - დ.კ.-ს მიერ ლაბორატორიაში დამზადებულ და სხვადასხვა ადგილას განთავსებულ ნარკოტიკული ნივთიერება ,,ალფა-პვპ“-ს იღებდა, აფასოებდა და დანაშაულებრივ ორგანიზაციაში მომუშავე კურიერებისთვის სხვადასხვა მისამართზე ათავსებდა.

ყირგიზეთის მოქალაქეები - უ.შ. და ა.ბ. ნარკოტიკულ ნივთიერება „ალფა-პვპ“-ს, რომელსაც ხ.ტ. სამალავებში ათავსებდა, მითითებული მისამართებიდან იღებდნენ, აფასოებდნენ და მომხმარებლებისათვის ხელმისაწვდომ სხვადასხვა ადგილზე დებდნენ.

ყველა ბრალდებული საკომუნიკაციო საშუალებად იყენებდა ინტერნეტ აპლიკაცია „ვიპოლს“, რომლის მეშვეობითაც კავშირი ჰქონდათ, როგორც უშუალო ხელმძღვანელებთან, ასევე საქართველოში მყოფ რეგიონალურ მენეჯერთან'' - წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში