მაუწყებლის დირექტორმა ნათია ზოიძეს პუნტქი - "სარედაქციო პოლიტიკის მართვა" ხელშეკრულებიდან ამოუღო

23 დეკემბერი 2019, 17:22 3284 ნახვა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორმა გიორგი კოხრეიძემ, მისი პირველი მოადგილის ნათია ზოიძის ხელშეკრულებაში ცვლილება შეიტანა და ამოიღო ის პუნქტები, რომლითაც მაუწყებლის სამივე პლატფორმაზე კოორდინაცია და პოლიტიკის შემუშავება ევალებოდა. ამის შესახებ ტელევიზიის დირექტორმა ბრძანება დღეს, 23 დეკემბერს, გამოსცა. გიორგი კოხრეიძის ტქმით,  ბრძანება მისი პირველი მოადგილის უფლებამოსილების ფარგლებს აზუსტებს.

გიორგი კოხრეიძე არგუმენტად წერს: ''მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკა მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა ჟურნალისტის სარედაქციო საქმიანობა, სარედაქციო გადაწყვეტილებების მიღება, რომლის მართვაზეც პასუხისმგებელი არ შეიძლება იყოს მაუწყებლის დირექტორის პირველი მოადგილე ან დირექტორი. ვინაიდან რედაქცია და ჟურნალისტი, საქმიანობაში და გადაწყვეტილების მიღებაში ხელშეუხებელია და მას იცავს კანონი. აღნიშნული პროცესის მართვა არაუფლებამოსილი პირის მიერ კანონით დადგენილ ფარგლებს სცდება. აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს ''მაუწყებლის სამივე პლატფორმაზე სარედაქციო პოლიტიკის მართვა'' არის ზოგადი ხასიათის ჩანაწერი და ის დასაქმებულს ანიჭებს ფართო უფლებამოსილებას, ამიტომ აუცილებელია დადგინდეს დელეგირებული უფლების ფარგლები და ის მოექცეს კანონის საზღვრებში''.

ნათია ზოიძის ხელშეკრულებაში მეხუთე მუხლი შეიცვალა. 

ახალ ხელშეკრულებაში წერია: ''დასაქმებულის შრომით მოვალეობაში შედის, დირექტორის დავალებით კომპეტენციის ფარგლებში მაუწყებლის სტრუქტურული ერთეულების მუშაობის პერიოდული ანალიზის და ანგარიშების წარდგენა''. ბრძანებას ხელი მაუწყებლის დირექტორმა გიორგი კოხრეიძემ მოაწერა.

გადაწყვეტილების გასაჩივრება ერთი თვის ვადაშია შესაძლებელია. დირექტორის მოადგილე ამ უფლების გამოყენებას და გასაჩივრებას აპირებს. მის ინტერესებს სასამართლოში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს. 

''თავდაპირველად ისინი ვერბალურ დონეზე ამ მონაწილეობას აღიქვამდნენ, როგორც სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევას, მე მათ ავუხსენი, როგორ დირექტორს, ასევე მრჩეველთა საბჭოს წევრებს, რომ ჩარევის უფლება არავის არ აქვს, არც მე ცხადია და არც დირექტორს. აბსოლუტურად თვისობრივად განსხვავებული რამეა სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევა, რომლის შედეგიც არის ცენზურა. კეთილი ინებონ და თუ მე ვერეოდი დადონ ცენზურის ფაქტები. რაც შეეხება სარედაქციო პოლიტიკის მართვას მისი მიზანი არის სწორედ სარედაქციო პოლიტიკის მიღება. 

ის, რომ ჩვენ გვქონდა თავისუფალი სარედაქციო პოლიტიკა ეს ფაქტობრივად ყველა ანგარიშით, პროფესიულ წრეებში გაკეთებული განცხადებებით დასტურდება და რაც მთავარია ამ არხის ჟურნალისტებს აქვთ თავისუფლების განცდა. ისინი ამბობენ, რომ თავისუფლად მუშაობდნენ. 

მაუწყებლის დირექტორის განმარტებით, შიდა მოკვლევის შემდეგ დადგინდა, რომ ხელშეკრულებაში არსებული ჩანაწერი კანონთან შეუსაბამობაში იყო, თუმცა მოკვლევის შედეგები, ასევე ვინ იყო ჩართული შესწავლის პროცესში და ვისი რეკომენდაციით მოხდა ცვლილება დღეს არ დაუკონკრეტებია. 

ნათია ზოიძე მანამდე საუბრობდა, რომ დირექტორს ხელშეკრულების შეცვლა და სარედაქციო პოლიტიკიდან ჩამოშორება უნდოდა, რის გამოც გიორგი კოხრეიძე მას ფაქტების გასაჯაროებითაც ემუქრებოდა. 

რა პროცესები მიმდინარეობს აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში ბოლო თვეების განმავლობაში:

აჭარის ტელევიზიის დირექტორის პოსტი ვაკანტური 2019 წლის 19 აპრილს გახდა, მას შემდეგ რაც ნათია კაპანაძის იმპიჩმენტი განხორციელდა. 

მრჩეველთა საბჭოს ძველმა შემადგენლობამ, სამი კონკურსი ჩაატარა და გამარჯვებული ვერ გამოავლინა. მეოთხე კონკურსი კი ბოლო შანსი იყო, ძველი შემადგენლობის მრჩეველთა საბჭოს აერჩია მაუწყებლის დირექტორი, რადგან 4 მრჩეველს უფლებამოსილება უმთავრდებოდა. 

მეოთხე კონკურსი ერთ-ერთი კანდიდატის, გიორგი კოხრეიძის სარჩელის საფუძველზე, სასამართლოს განჩინებით შეჩერდა. რის გამოც, ისე დაუსრულდა უფლებამოსილება მრჩეველთა საბჭოს წევრებს, რომ დირექტორი ვერ აირჩიეს. 

მედია ექსპერტებმა მიიჩნიეს, რომ პროცესი სასამართლოს დახმარებით ხელოვნურად გაჭიანურდა, ვინაიდან ძველი მრჩეველთა საბჭოს წევრებს ვერ აარჩევინეს ის კანდიდატი, რომელიც სჭირდებოდა ხელისუფლებას. წინა კონკურსების დროს, საბჭოს უკვე ყოფილი წევრები აქტიურად საუბრობდნენ იმაზე, რომ ორი საბჭოს წევრი სისტემატიურად სახელისუფლებო კანდიდატს უჭერდა მხარს და სამი წევრს ჰქონდა შანსი, მაუწყებლის დირექტორად აერჩიათ პირი, რომელიც დამოუკიდებელი იქნებოდა პოლიტიკური გავლენებისგან. 

ყოფილმა მრჩეველმა ბეჟან გობაძემ თქვა, რომ  5 წევრიდან ორ ხმას სამთავრობო კანდიდატი იღებდა. ნატა იმედაიშვილი და გიორგი ირემაძე კი ამბობდნენ, რომ ახალი დირექტორის არჩევაზე კონსულტაციები, სამ მრჩეველს შორის ხდებოდა.

მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე, ნატა იმედაიშვილის ამბობდა, ჰქონდა მოლოდინი, მე-4 კონკურსზე, აერჩიათ დირექტორი, კონსესუსი სამ მრჩეველს შორის შედგებოდა. 

აჭარის მთავრობის თავმდჯომარემ, თორნიკე რიჟვაძემ სამთავრობო კანდიდატების შესახებ დასმულ კითხვაზე განაცხადა, რომ არც ბევრი დრო ჰქონია და არც სურვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის შიდა საქმიანობით დაინტერესებულიყო. 

მედიაექსპერტები ვარაუდობდნენ, რომ კონკურსის შეჩერებამ მისცა შანსი უკვე ახლად დაკომპლექტებულ მრჩეველთა საბჭოს აერჩია დირექტორი, რომლის უმრავლესობა - ანუ სამი წევრი, მართველი პარტიის კვოტით არის წარდგენილია და არჩეული. 

კონკურსის შეჩერება, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებმაც პროცესის ხელოვნურად გაჭიანურებად მიიჩნიეს, დახმარებისთვის სამოქალაქო სექტორს და აკრედიტებულ დიპლომატებს მიმართეს და განცხადება გაავრცელეს. ჟურნალისტებმა მიიჩნიეს, კონკურსის შეჩერება იმის გამო მოხდა, რომ ახალი“დირექტორი ​ძველ მრჩეველთა საბჭოს არ აერჩია, რომელიც ნაკლებად იყო ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში