ჩვენი ღირებულებები თქვენს შემოგდებულ წინადადებებზე არ იყიდება - #სირცხვილიას განცხადება

20 დეკემბერი 2019, 14:01 1233 ნახვა

მოძრაობა ქვეყნის სამსახურში ''ქართული ოცნების'' ახალ საარჩევნო ინიციატივას პასუხობს და აცხადებს, რომ მათთან ვაჭრობას არ აპირებენ. საგანგებო განცხადებაში წერია, აქტივისტებს აქვთ ღირებულებები, რომელიც ''შემოგდებულ წინადადებებზე'' არ იყიდება. 

''დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრების შემდეგ, ქართულმა ოცნებამ სცადა გამოსავალი ეპოვა და გვთავაზობს საპარლამენტო მანდატების შემდეგნაირად გადანაწილებას - 100 პროპორციული სიით, 50 მაჟორიტარული სიით (ამჟამად განაწილება ასეთია: 77 პროპორციული, 73 მაჟორიტარული). ამ ცვლილების განხორციელებასაც სჭირდება საკონსტიტუციო ცვლილება. ამ წინადადებამ კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ “აჯანყებული მაჟორიტარები” არ არსებობენ და ისინიც, როგორც მთავრობის სრული შემადგენლობა და სახელმწიფოს ყველა, წესით დამოუკიდებელი შტო, ემორჩილება მხოლოდ ერთი პრორუსი ოლიგარქის ნებას.

გაითვალისწინეთ, რომ მთავრობის ეს "წინადადება" მოიაზრებს 2024 წელსაც შერეული სისტემით არჩევნების ჩატარებას!

როგორც ჩანს, ქართულმა ოცნებამ ისევ ვერ გაიგო, რომ ჩვენ მათთან ვაჭრობას არ ვაპირებთ. ჩვენი მოთხოვნები და ღირებულებები თქვენს შემოგდებულ წინადადებებზე არ იყიდება. განსხვავებით თქვენგან, ჩვენ გაგვაჩნია პრინციპები, რომლებსაც არაფრის გამო არ შევიცვლით. უკან დახევას არ ვაპირებთ!

მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა, დამოუკიდებელი საერთაშორისო და ლოკალური არასამთავრობო ორგანიზაციები, საქართველოს მოქალაქეები (მათ შორის, თქვენი ამომრჩევლებიც) ვითხოვთ პროპორციულ საარჩევნო სისტემას. გვესმის, რომ ძალაუფლების გაზიარება და დათმობა გიჭირთ, მაგრამ მოგიწევთ. თუ გინდათ თქვენი მომავალი ამ ქვეყანას დაუკავშიროთ, მიიღეთ სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემა. სხვა შემთხვევაში, ჩვენ გავაგრძელებთ დაუღალავ და შეუვალ წინააღმდეგობას და გაიძულებთ უკან დახევას'' - წერია განცხადებაში. 

ოპოზიციასთან შეხვედრის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ ოპონენტებს ახალი სამოქმედო გეგმა შესთავაზეს. საუბარია იმაზე, რომ პარლამენტში პროპორციული წესით 100 დეპუტატი აირჩიონ, ნაცვლად 77-სა. ხოლო მაჟორიტარული მანდატები 50-მდე შემცირდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში