რას ყვება მოქალაქე, რომელმაც დაჭრილი პოლიციელის სიცოცხლე გადაარჩინა

20 დეკემბერი 2019, 16:00 15030 ნახვა

ბათუმში, გამვლელმა საპატრულო ეკიპაჟი გააჩერა და პოლიციელს ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი სამართალდამცველი საავადმყოფოში გადაიყვანეს და სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარეს. 

პოლიციელს მოქალაქე დაეხმარა, რომელიც საღამოს სამსახურიდან სახლში ბრუნდებოდა. ის შეეცადა სისხლდენა შეეჩერებინა და ქირურგიული ოპერაციის დასრულებამდე კლინიკაში დარჩა.

41 წლის რაულ თებიძე ბათუმში ხელოსნად მუშაობს.

„ხმაურზე დავინახე, რომ პატრულის თანამშროლელი იყო დაჭრილი, მივედი და დავეხმარე. სისხლდენა ჰქონდა, მაშინვე არტერიაზე მოვუჭირე ხელი, ვცდილობდი მაქსიმალურად შემეჩერებინა. მგონი აჭარის პოლიციის უფროსი მოვიდა უცებ ადგილზე. დაჭრილი პოლიციის მანქანაში უკანა სავარძელში ჩავსვით და წავიყვანეთ რესპუბლიკურ საავადმყოფოში. ჩვენ ავიყვანეთ თვითონ საოპერაციოში. სანამ სასწრაფო მოვიდოდა დაიღუპებოდა ეს ბიჭი. გზად უკვე გონს კარგავდა, ხრიალებდა და მითხრა - ჩემს ოჯახს დაეხმარეო. ალბათ, მეც თანამშრომელი ვეგონე და ოჯახზე ეფიქრებოდა.

მე ხელოსანი ვარ, სამუშაოდან მოვდიოდი, იმ დროს მოხდა ეს ამბავი. ჩემგან დაახლოებით 30 მეტრში. ვხედავ, რომ ერთი პატრული გაქცეულს გაეკიდა და დააკავა, ეს ბიჭი კი ჩაიკეცა და შველას ითხოვდა. მე რაც შემეძლო გავაკეთე, ჩემი მოქალაქეობრივი ვალი მოვიხადე.

ოპერაციის დასრულებამდე დაველოდე საავადმყოფოში, რომ თქვეს გადაიტანა კარგად და გადარჩაო, წამოვედი. მერე უფრო იმოქმედა ამ ყველაფერმა ადამიანურად. გამოსვლისას აჭარის პოლიციის უფროსმა მადლობა გადამიხადა პოლიციელის სიცოცხლის გადარჩენისთვის, სახელი და გვარი მკითხა, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს, ყველა ნორმალური ადამიანი, თუ გული აქვს, ასე უნდა იქცეოდეს. ეს ხომ ჩვეულებრივი ამბავია“ - ყვება თვითმხილველი ტელეკომპანია ''იმედთან''. 

დაჭრილი პოლიციელი ოთარ თავართქილაძე ამ დრომდე კლინიკაში რჩება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი