რა შეცვალეს ავტომობილების ტექდათვალიერებაში

20 დეკემბერი 2019, 11:08 3787 ნახვა

ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ტექნიკურ რეგლამენტში ცვლილებები შევიდა, რომელიც 2020 წლის პირველი აპრილიდან ამოქმედდება.

ცვლილებებით გამკაცრდა ისეთი ნორმები, რომლებიც ცალსახად მიმართულია გზებზე უსაფრთხოების ნორმების გასაუმჯობესებლად.

ცვლილების თანახმად, კატალიზატორის არსებობის ვალდებულება მხოლოდ იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე გავრცელდება, რომლებიც საქართველოში პირველად რეგისტრაციას 2020 წლის პირველი აპრილიდან გაივლიან.

მათთვის სავალდებულო იქნება შემდეგი პარამეტრების დაცვა – CO-ს შემცველობის ევროპული სტანდარტი (0.5% და 0.3%), კატალიზატორის არსებობის მოთხოვნა და ლამბდა კოეფიციენტი (1 +-0,03).

ცვლილების თანახმად, 2020 წლის პირველ აპრილამდე რეგისტრირებულ ავტოსატრანსპორტო საშუალების მიმართ დადგინდა შემდეგი ეტაპები:

• 2020 წლის 1 აპრილიდან - 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით: მაღალ ბრუნზე და უქმ სვლაზე 0.7%;

• 2021 წლის 1 იანვრიდან - 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით: მაღალ ბრუნზე და უქმ სვლაზე 0.6%;

• 2022 წლის 1 იანვრის შემდგომ: უქმ სვლაზე 0.5% და 0.3% მაღალ ბრუნზე.

2021 წლის 31 დეკემბრამდე გადაიწია M1 და N1 ტიპის მსუბუქი ავტომობილებისთვის ცეცხლმაქრის, ამრეკლავი სამკუთხედის, სამედიცინო სააფთიაქო ყუთის ქონის და ხმაურის დონის განსაზღვრის ვალდებულებამ. მიხეილ ხმალაძის განცხადებით, მათი არსებობა მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებაზე, ხოლო რაც შეეხება სატვირთო და სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებებს, მათთვის აღნიშნული საშეღავათო პირობები ისედაც არ ვრცელდება.

ცვლილება შედის მარჯვენასაჭიანი ავტომობილების ინსპექტირების პროცესშიც. იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, რომელთაც 2018 წლის პირველი იანვრის შემდგომ გადატანილი აქვთ საჭე და 2020 წლის პირველ აპრილამდე გაიარეს ან გაივლიან პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება, არ გავრცელდება რეგლამენტით დადგენილი შეზღუდვა ინსპექტირების აკრძალვასთან დაკავშირებით და პერიოდული ტექნიკური ინსპექტირებას დაექვემდებარებიან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. რაც შეეხება 2020 წლის პირველ აპრილს, ამ თარიღიდან რეგლამენტით დადგენილი შეზღუდვა ამოქმედდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში