ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლა მინდოდა და მავთულხლართებში გავიჭედე - ერეკლე კუხიანიძე

18 დეკემბერი 2019, 16:11 1877 ნახვა

საკრებულოს წევრი ერეკლე კუხიანიძე, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ საკორინთლოში ჩავიდა. ამბობს, რომ ორი დღეა ცხინვალში გადასვლას ცდილობს და  ვაჟა ექიმის გასათავისუფლებლად გზას ეძებს. დღეს მან ქართული ტელევიზიების საშუალებით ანატოლი ბიბილოვს რუსულად მიმართა. 

კუხიანიძის განცხადებით, იგი ცხინვალში ჩასვლას და დე ფაქტო რეჟიმის ლიდერთან შეხვედრას გეგმავდა. 

“გუშინ ვცადე მე ეს განმეხორციელებინა, მაგრამ ვითომ სხვა მიმართულებით გამიშვა და სადღაც ტყეში ვიბოდიალე და მავთულხლართებში გავიჭედე. დღეს უკვე ეს ამბავი გახმაურდა და უბრალოდ ახლა არ მინდა,  ცირკს დაემსგავსოს, მაგრამ გამოუვალი მდგომარეობა მაქვს და გახმოვანდება ჩემი სურვილი. მინდოდა, მიმემართა ბატონი ბიბილოვისთვის”,- განაცხადა კუხიანიძემ. 

ერეკლე კუხიანიძე საოკუპაციო ხაზთან ჩანთით ჩავიდა. მისი განცხადებით, იგი დარწმუნებული იყო, რომ დე ფაქტო რეჟიმის კონტროლირებად ტერიტორიაზე დააკავებდნენ, ამიტომ მომზადებული წავიდა და ხელჩანთით პირადი ნივთებიც წაიღო.  ინტერვიუ ტელეკომპანია მთავარის ეთერში გავიდა. 

ერეკლე კუხიანიძეს დღეს ''ქართული ოცნება'' ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის გინებისთვის დაატოვებინეს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში