ბათუმში უცხო პირს სკოლიდან მე-2 კლასელის გაყვანა სურდა - მშობელი ამბობს, რომ უსაფრთხოება სრულად არ არის დაცული

18 დეკემბერი 2019, 15:12 32652 ნახვა

ბათუმში, საჯარო სკოლაში, უცხო ადამიანი შევიდა და მეორეკლასელი მოსწავლის გასაყვანად მასწავლებელს მიაკითხა. ბავშვის დედა ყვება, რომ მასწავლებელმა მოსწავლე სკოლიდან  უცხო პირს იმ მოტივით არ გაატნა, რომ წინ კიდევ ერთი გაკვეთილი ჰქონდათ. მარიამი ამბობს, რომ პედაგოგმა საფრთხე შესაბამისად ვერ შეაფასა და სკოლაში მისულმა ბებიამ, ფაქტის შესახებ შემთხვევით გაიგო, როცა მასწავლებელმა საყვედური უთხრა -  „ბავშვს ადრე ნუ აკითხავთო“.

ოჯახმა ყველასთან გადაამოწმა, ვისაც შეეძლო ბავშვისთვის მიეკითხა, რადგან ვერაფერი დაადგინა, თავადვე მიმართა სკოლის ადმინისტრაციას, მანდატურის სამსახურს და მოითხოვა პოლიციაში დარეკვა.

''ახლობლებს, ნათესავებს დავურეკეთ და მივხვდით, რომ ნაცნობი ბავშვთან არავინ მისულა. შემდეგ დირექციას მოვთხოვეთ ამოეღოთ ვიდეოთვალი, თუმცა აღმოჩნდა რომ ვიდეოთვალი არ მუშაობდა. უცხო პირმა ჩემი შვილის სახელი და გვარი იცოდა, კლასიც და მხოლოდ იმიტომ არ გაატანეს სკოლიდან, რომ შემდეგ ერთი გაკვეთილი იყო. პედაგოგმა საფრთხე ვერ დაინახა, არც უცდია ჩვენთან ამის დაზუსტება, არ შეატყობინა ადმინისტრაციას.  შემთხვევით,  დიალოგში  აღმოვაჩინეთ...   ყველაზე  დიდი უპასუხისმგებლობა  ამის შემდეგ დაიწყო,  მე მოვითხოვე ვიდეოთვალის ამოღება,  თუმცა უცხო პირის  იდენტიფიცირება ვერ ხერხდება, რადგან ვიდეოთვალი გაფუჭებული იყო. ყველაფერს ისიც ემატება, რომ თავად დავიწყე იმის გარკვევა, ვიღაცას ხომ არ შეეშალა და ბავშვს ხომ არ მიაკითხა. მოკლედ, თავად ჩავატარეთ მცირე გამოძიება და დავადგინეთ, რომ მსგავსი შეცდომა არ ყოფილა. პარალელურად  პოლიციას მივმართე, რადგან საფრთხე რეალური იყო, სკოლა კი საკმაოდ მოუქნელი და ურეაქციო“ - გვიყვება მარი.

მშობელი იმასაც ამბობს, რომ ერთ კვირაა ბავშვი სკოლაში არ მიუყვანია, თუმცა მასთან კომუნიკაციაზე სკოლა მინიმალურად, მისი აქტიურობის შედეგად გადიოდა:   "რაღაცნაირი  იგნორი აქვთ,  თითქოს უსაფრთხოების უზრუნველყოფა მათი პასუხიმგებლობა არ არის.  ეს არის  სრული  უპასუხისმგებლობა,  როცა არ გაქვს განცდა  იმისა, რომ სკოლაც შენსავით დარდობს, პასუხისმგებელია... ერთი კვირის წინ მოხდა ამბავი, თუმცა  მიუხედავად იმისა, რომ ბავშვი არც ერთი დღე  აღარ მიმიყვანია სკოლაში დირექციას არ მოუკითხავს.   ან  უსაფრთხოების ზომებზე ეთქვათ რამე“ - გვიყვება მარი.

სკოლაში უცხო პირმა შეაღწია, ვიდეოთვალი იმ დროს გამორთული  იყო, პედაგოგმა დროულად არ შეატყობინა ადმინისტრაციას და მანდატურს.

პირველი სკოლის დირექტორი, ნატალია მგელაძე აჭარის მაუწყებელთან ფაქტს ადასტურებს. ამბობს, რომ ყურადღება ბავშვზე არ მოუკლიათ, თუმცა უსაფრთხოების ნაწილში დაშვებულ შეცდომებს აღიარებს.

"როგორც პედაგოგი მოგვიყვა, უცხო პირი შევიდა გაკვეთილზე, ამა და ამ ბავშვს მოვაკითხეო. მასწავლებელმა ვერ იცნო პირი, შემდეგ ბავშვმაც გაიკვირვა და არ ვიცი ვინააო განაცხადა, მასწავლებელმა ბავშვი არ გაატანა. სამწუხაროდ, ვაღიარებ, რომ ამ ფაქტის შესახებ მშობლისგან გავიგეთ და არც მანდატურმა იცოდა, მასწავლებელმა ვერ მოისაზრა, რომ ეთქვა ჩვენთვის, თუმცა მშობლის ბებიას უთხრა,“ - ამბობს სკოლის დირექტორი ნატალია მგელაძე.

მისი თქმით, სამწუხაროდ, იმ დღეს ვიდეოთვალიც გაუფუჭდათ. „იმ კონკრეტულ დღეს, შუადღის შემდეგ, მანდატურთან შეთანხმებით გამოვრთეთ კამერები. ემთხვევა იმ პერიოდს, როცა სავარაუდოდ, ეს უცხო პირი შემოვიდა შენობაში, მოსვლამდე 4-5 წუთით ადრეა კამერა გათიშული, ამიტომ მის იდენტიფიცირებას ხელი შეეშალა, ეს ყველაზე მეტად მაწუხებს“, - ყვება დირექტორი. ნატო მგელაძე ამბობს, რომ  სამწუხაროდ, ასე დაემთხვა ყველა ფაქტი და მისთვის მშობლის ემოციები და შფოთვა გასაგებია.

სკოლაში ირწმუნებიან, რომ ამ ფაქტზე გამოცდილ და ჯილდოს მქონე მასწავლებელსაც სთხოვეს, რომ ასეთ დროს დაუყოვნებლივ ჰქონდეს რეაქცია. „მე მინდოდა  პედაგოგს გამოეჩინა  მეტი  მობილიზება და დირექციისთვის ეცნობებინა ფაქტის შესახებ, მანდატურისთვისაც ეთქვა, იქვე შევძლებდით  უცხო პირის იდენტიფიცირებას - ეს საკითხი დავაყენე სკოლაში და ყველა პედაგოგი გავაფრთხილე“, - გვეუბნება ნატალია მგელაძე.

ასევე სკოლაში განმარტავენ, რომ ამჟამად დამატებითი კამერებიც დააყენეს და არსებულები გამართულად მუშაობს. 

დირექტორი ადასტურებს, რომ სკოლაში უცხო პირების შესვლა დაშვებული არ არის, თუმცა დარღვევები მაინც ფიქსირდება: “ვცდილობთ არავინ  შევუშვათ, თუმცა მშობლები აგრესიულად ითხოვენ შესვლას,  დანამდვილებით ვიტყვი, რომ ბავშვი შენობიდან ვერ გადიან“.

რაც შეეხება მშობლის პრეტენზიას თუ რატომ არაა სკოლა უფრო აქტიურად პრობლემის გარკვევაში, დირექციაში ამბობენ, რომ  ასე არ არის:   „უბრალოდ იმდენი პარალელური საქმე გვაქვს, მხოლოდ ერთი ბავშვის ირგვლივ ვერ ვიქნებით მობილიზებული, მაგრამ ჩვენ ყველა ფორმით ვცდილობთ მშობელთან გვქონდეს კონტაქტი და ვართ პროცესში ჩართული. მშობელთან მქონდა შეხვედრაც, ვაჩვენეთ კამერებიც.  კვირის ბოლოსაც  შევეხმიანებით დამატებით, მანამდე კი პედაგოგიც ესაუბრა“.

ბათუმის რესურსცენტრში კი ამბობენ, რომ სკოლის შეცდომას ინციდენტში ვერ ხედავენ, რადგან ბავშვი უცხო პირს მასწავლებელმა არ გაატანა

"სკოლას უნდა ჰყავდეს პასუხისმგებელი პირი, რომელიც უნდა აკონტროლებდეს შენობაში შესვლას, მაგრამ იცით როგორ არის, ზოგს 4 გაკვეთილი აქვს, ზოგს ხუთი. 1 სკოლაში  სწავლობს  2200 ბავშვი,  დაწყებითებში არის 1000-ზე მეტი.  ბავშვს ხან მშობელი აკითხავს,  ხან ბებია ან ბაბუა. დაცვა, რომელიც კარებთან დგას,  იმან შეუძლებელია ყველა მშობელი იცოდეს,  ხანდახან შემოდის 20 მშობელი და  21 სხვა თუ შემოყვება,  ის ვერ მიხვდება. ვიდეოთვალი ნამდვილად იყო გაფუჭებული და ნამდვილად  ვიცოდით ამის შესახებ,  როგორც ჩვენ ასევე მანდატურის სამსახურში. სკოლას რეაგირება ჰქონდა ამაზე,  იმედია სამართალდამცველები გამოიძიებენ და კარგი იქნება თუ დაადგენენ“ - აცხადებს ბათუმის რესურსცენტრის ხელმძღვანელი, გოჩა დავითაძე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში