დაცული უნდა იყოს ბავშვთა უფლებები არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემაში - UNICEF

16 დეკემბერი 2019, 17:02 1246 ნახვა

გაეროს ბავშვთა ფონდი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, დაცული იყოს ბავშვთა უფლებები არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემაში. UNICEF 15 წლის მოზარდზე პოლიციელთა მხრიდან განხორციელებულ, სავარაუდო, ზეწოლის ფაქტს გამოეხმაურა.

''გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენცია მონაწილე სახელმწიფოებს ავალდებულებს, შექმნან ბავშვის ინტერესებზე მორგებული არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემა. კონვენციის მიხედვით დაუშვებელია ბავშვის იძულება, ჩვენება მისცეს მოწმის, ან სხვა ნებისმიერი სტატუსით და აღიაროს დანაშაული. ასევე აკრძალულია ბავშვის წამება, ან სხვა სასტიკი, არაადამიანური,  ღირსების შემლახავი მოპყრობა და დასჯა.

საქართველოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ამკვიდრებს მართლმსაჯულების სისტემაში ბავშვზე მორგებულ მიდგომას და ავალდებულებს ყველა პროფესიონალს, განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდონ არასრულწლოვნის საქმეს, იმოქმედონ ბავშვის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად.

პოლიცია მართლმსაჯულების სისტემასთან შეხების პირველი წერტილია, ამიტომ მნიშვნელოვანია, პოლიციის კადრები დაკომპლექტდეს მაღალკვალიფიციური პროფესიონალებისგან, რომელთაც ექნებათ არასრულწლოვნებთან მუშაობის მოტივაცია, ცოდნა, შესაბამისი უნარები და საკითხის მიმართ მგრძნობელობა. 

იმისათვის, რომ მოხდეს ბავშვზე მორგებული მიდგომების დანერგვა აუცილებელია:

პოლიციის სისტემაში და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში ჩართულ ყველა უწყებაში შეიქმნას სპეციალური დანაყოფები ან გამოიყოს პროფესიონალები, რომლებიც მხოლოდ არასრულწლოვანთა საქმეებით იქნებიან დაკავებულნი. მნიშვნელოვანია განსაკუთრებული სიფრთხილით შეირჩეს კადრები, რომლებიც მუდმივ რეჟიმში გაივლიან გადამზადებას და მათ საქმიანობაზე რეგულარულად განხორციელდება მონიტორინგი.

უაღრესად მნიშვნელოვანია, საშუალო რგოლის მენეჯერებმა გააცნობიერონ ბავშვზე მორგებული მიდგომების მნიშვნელობა, რათა ხელი შეუწყონ პროფესიონალებს მათი საქმიანობის განხორციელებაში.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, დანაშაულის მოწმე ყველა ბავშვს  ხელი მიუწვდებოდეს იურიდიულ დახმარებაზე სისტემასთან კონტაქტის პირველივე წუთებიდან.

აუცილებელია, მუდმივი ზედამხედველობა გაეწიოს ბავშვებთან დაკავშირებულ შემთხვევებს, რათა მოხდეს იდენტიფიცირება და რეაგირება ბავშვთა უფლებების შელახვის ნებისმიერ ფაქტზე მართლმსაჯულების სისტემაში.

გაეროს ბავშვთა ფონდი აგრძელებს მთავრობის მხარდაჭერას არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის მიზნით, რათა დაინერგოს ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების სისტემა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

15 წლის მოზარდი 11 დეკემბერს მე-9 სართულიდან გადმოხტა, რასაც წინ უძღოდა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის პოლიციის პირველ განყოფილებაში მისი დაკითხვა. მოზარდის მდგომარეობა მძიმეა. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში