"ირონიულად ახსენებენ ჩემს სიტყვებს გასაოცარ დემოკრატიაზე, რეალურად ჩვენ ვცხოვრობთ ევროპულ დემოკრატიაში"

14 დეკემბერი 2019, 17:28 1901 ნახვა

"დღეს როდესაც, დიდი ისტორიის ფესვებზე მდგომებს, მოპოვებული გვაქვს თავისუფლება, როდესაც ზოგიერთები, ხანდახან ირონიულად ახსენებს ჩემს სიტყვებს, რომ გასაოცარ დემოკრატიას შევქმნიდით, რეალურად, მრავალი თვალსაზრისით, ჩვენ უკვე ვცხოვრობთ ევროპულ დემოკრატიაში, რომლის მიღწევაც, არაძალადობრივი გზით, არა უცხოს თავზე მოხვევით, არამედ ჩვენს ფასეულობებზე დაყრდნობით შევძელით," - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა  "ქართული ოცნების" მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე. 

სიტყვის დასაწყისში, კი "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ თქვა, რომ 7 წელია ნახევარი მილიონი მოქალაქე თავისუფლების მოედანზე არ შეკრებილა. 

"შვიდი წელი გავიდა საქართველოს ისტორიაში უპრეცენდენტოდ ხალხმრავალი შეკრებიდან, როდესაც აქ, ამ მოედანზე, ნახევარი მილიონი თანამოქალაქე შევიკრიბეთ! მოედანზე, რომელიც თავისუფლების სახელს ატარებს. შვიდი წლის წინ, ამ მოედანზე,  ჩვენ, პრაქტიკულად მთელი ქვეყანა, სწორედ თავისუფლებისა და ღირსების დაბრუნებისთვის გავერთიანდით! დღესაც, ამავე ადგილას, კვლავ ევროპული არჩევანის უპირობო ერთგულებამ გაგვაერთიანა! რას ნიშნავს ჩვენთვის ევროპა?! ევროპა უპირველესად ანტიკურ საბერძნეთში ჩასახული დემოკრატია,„მართალი სამართალი“ და ქრისტიანულისულია; ევროპატოლერანტობა და მრავალფეროვნებაა".

ასევე, ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკურ ოპონენტებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ დიდია ცდუნებაა, უპასუხო მათ ისე, როგორც იმსახურებენ.

"დღევანდელობის ცინიზმი კი იმაში მდგომარეობს, რომ ვინც ოკუპაცია გააფორმა – სწორედ მან მოირგო პატრიოტის მანტია და აქეთ გვდებს ბრალს ოკუპაციაში;​

ვინც ფეხქვეშ გათელა ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, აწამა და ქუჩაში ხოცა თანამოძმე, მიიტაცა ბიზნესი, მედია და პრაქტიკულად გააუქმა თავისუფალი სიტყვა, აკრძალა ქუჩა, გახსოვთ რომ ქუჩაში გამოსვლა აკრძალული იყო- სწორედ ისინი გვდებენ ბრალს დემოკრატიის ნაკლებობაში დღეს, თანაც ნაძარცვი ფულით სახელდახელოდ გახსნილი ტელევიზიებიდან;

ვინც ბოლო 30 წლის მანძილზე ლამის მექრთამეობის ეტალონად იქცა, პარლამენტის ტრიბუნიდან კორუფციაზე გველაპარაკება და სამართლიანი სასამართლოს მედროშედ უნდა წარმოაჩინოს თავი.

დიდია ცდუნება, უპასუხო მათ ისე, როგორც იმსახურებენ. მაგრამ, მე და ჩვენი პოლიტიკური გუნდი, “ქართული ოცნება” ვრჩებით 2012 წლის იდეალების ერთგულად, მათ ახლაც მოვექცევით არა ისე, როგორც იმსახურებენ,  არამედ ისე, როგორც იმსახურებს ჩვენი ხალხი და ჩვენი დიდი კულტურა.

ჩვენ ყველა სიძნელეს დავძლევთ, ჩვენ ქვეყანასაც გავამთლიანებთ და ეკონომიკასაც ავაღორძინებთ! და რაც მთავარია, ისე ვივლით ამ გზაზე, რომ ადამიანი დარჩება მთავარ ღირებულებად და ჩვენს აგრესიულო პონენტებსაც კი,  მალე, როდესაც ისინი თავად დარწმუნდებიან სიცრუესა და ძალადობაზე დაფუძნებული პოლიტიკის უპერსპექტივობაში, მათაც ქვეყნის სამსახურში ჩავაყენებთ, რადგან ასე მღერიან ქართულ მრავალჟამიერში: „რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია!“

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში