გზა დაგვიგეს ალაგ-ალაგ, მაგაზეც არაფერს ვიტყოდით ხარისხიანად მაინც გაეკეთებინათ - მოქალაქის წერილი

13 დეკემბერი 2019, 13:19 3577 ნახვა

"ორი დღის წინ მახინჯაურში, თამარ მეფის მეოთხე შესახვევში მუნიციპალიტეტმა გზა დაგვიგო. შესრულებული სამუშაოს ხარისხზე თავად იმსჯელეთ. წლების განმავლობაში ამ ქუჩის მოსახლეობას გზის, განათების და ზოგადად მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურის პრობლემა აწუხებს. ამდენ წლიანი ლოდინის შემდეგ გზა დაგვიგეს ალაგ-ალაგ, მაგაზეც არაფერს ვიტყოდით ხარისხიანად გაკეთებული რომ ყოფილიყო.

ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს ცემენტი არ ეყოთ. ზაფხულში ეს ადგილი ტურისტებისთვის მიმზიდველი და საინტერესოა ზღვასთან სიახლოვის, სიმწვანის, სუფთა ჰაერის გამო, თუმცა მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა პრობლემა მათაც დისკომფორტს უქმნით, რის გამოც, აქ დასვენებაზე ხშირად უარს ამბობენ.

ბათუმის მერია, გთხოვთ მიაქციოთ ყურადღება ბიუჯეტიდან დახარჯული თანხების მიზნობრიობას! - გვწერს მოქალაქე მარიკა ჩხუბაძე.

მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოში აცხადებენ, რომ შპს "გზებს", რომელიც ტერიტორიაზე გზის რეაბილიტაციას ახორციელებს სამუშაოების დასრულების შესახებ მათთვის არ უცნობებია. უწყებაში განმარტავენ, რომ  სამუშაოები ჩაბარებული არ არის.

"სამუშაოების შესრულებისთვის ჩვენ კომპანიისთვის თანხა ჯერ არ გადაგვიხდია. თუ სამუშაოები ისე არ იქნება შესრულებული, როგორც  დავუკვეთეთ, მას არ ჩავიბარებთ და კომპანიას მისი გამოსწორება დაევალება. აღნიშნულ მონაკვეთზე გზის დროებითი საფარი უნდა დაიგოს, იმისათვის, რომ ადგილობრივებს გადაადგილების შესაძლებლობა ჰქონდეთ. იქ საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს. ტერიტორიაზე მძიმე ტექნიკა და ტრაქტორები გადაადგილდებიან. გზა კვლავ დაზიანდება და ბიუჯეტიდან თანხების არამიზნობრივი ხარჯვა რომ არ მომხდარიყო ასე გადაწყდა. არც ისაა გამორიცხული, რომ ტრაქტორებს გზა დაგებისთანავე დაეზიანებინათ"- აცხადებენ მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოში.

მერიაში ამბობენ, რომ გზის დროებით შეკეთებისთვის თანხები ქალაქის მოვლა-პატრონობისა და ორმული შეკეთებისათვის გამოყოფილი ბიუჯეტიდან დაიხარჯება. მათივე ინფორმაციით, ტერიტორიაზე გზის კეთილმოწყობა 2020 წელსაა დაგეგმილი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში