5 ქართველი სამხედრო დაშავდა ავღანეთში ტერორისტების თავდასხმის შედეგად

11 დეკემბერი 2019, 11:40 1705 ნახვა

ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ტერორისტების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად მსუბუქად დაშავდა ქართული კონტინგენტის სწრაფი რეაგირების ქვედანაყოფის 5 სამხედრო მოსამსახურე. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყებაში ამბობენ, რომ მე-12 ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეების, კაპრალების - გოჩა მურადაშვილის, სოსო კვინიკაძის და რომან გიუნაშვილის, რიგითი ილია თაყაძის და უფროსი სერჟანტის დავით ბახურაულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათი ჰოსპიტალიზაცია საჭირო არ გამხდარა. მსუბუქი დაზიანებების მიუხედავად, ისინი აგრძელებენ ტერორისტების წმენდისა და სალიკვიდაციო ოპერაციაში მონაწილეობას კოალიციურ ძალებთან ერთად. თავდაცვის ძალების მართვის ცენტრი გადასულია საგანგებო მდგომარეობაზე. სიტუაციურ ოთახში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და თავდაცვის ძალების მეთაური გენერალ-ლეიტენანტი ვლადიმერ ჩაჩიბაია იმყოფებიან და პირდაპირ რეჟიმში აკვირდებიან მოვლენების განვითარებას. საქართველოს თავდაცვის ძალების მე-12 ბატალიონი „მტკიცე მხარდაჭერის“ სამშვიდობო მისიას ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ნოემბრიდან ასრულებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში