დირექტორის დანიშვნისთანავე დამოუკიდებელ სარედაქციო პოლიტიკაში თვითნებური ინტერვენციის ნიშნები გაჩნდა - EMC 

09 დეკემბერი 2019, 11:05 1355 ნახვა

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და ტელევიზიის დირექტორს დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს.

განცხადებაში წერია, რომ ახალი დირექტორის დანიშვნისთანავე დამოუკიდებელ სარედაქციო პოლიტიკაში თვითნებური ინტერვენციის ნიშნები გაჩნდა. არჩევის პირველივე დღეს გიორგი კოხრეიძემ მთავარი საინფორმაციო გადაცემის წამყვანთან საუბარში არხს კრიტიკულობის დონე დაუწუნა და მიუთითა, რომ „სტუმარი არ უნდა გააღიზიანონ“.

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ახალი დირექტორის დანიშვნის შემდგომ ტელევიზიაში მიმდინარე მოვლენები და ჟურნალისტების განცხადებები საგანგაშოა. ის პოლიტიკური და სამოქალაქო აქტორების საგანგებო ყურადღებას საჭიროებს. 

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: 

''2019 წლის 22 ნოემბერს აჭარის მაუწყებლის მრჩეველთა საბჭომ ტელევიზიის ახალ დირექტორად გიორგი კოხრეიძე აირჩია. გიორგი კოხრეიძე 2014-2018 წლებში იყო საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი აჭარის კვოტით. 2005-2014 წლებში ის ტელეკომპანია „202“-ის დირექტორი იყო, 1999-2004 წლებში კი საქართველოს პარლამენტის წევრი.

ახალი დირექტორის დანიშვნისთანავე არხის დამოუკიდებელ სარედაქციო პოლიტიკაში თვითნებური ინტერვენციის ნიშნები გაჩნდა. არჩევის პირველივე დღეს გიორგი კოხრეიძემ მთავარი საინფორმაციო გადაცემის წამყვანთან საუბარში არხს კრიტიკულობის დონე დაუწუნა და მიუთითა, რომ „სტუმარი არ უნდა გააღიზიანონ“. 30 ნოემბერს ახალი დირექტორის მხრიდან მუქარაზე ალაპარაკდა მაუწყებლის დირექტორის მოადგილე, ნათია ზოიძე. ის პირდაპირ უთითებდა, რომ ახალი დირექტორი მას სარედაქციო პოლიტიკისგან ჩამოშორებას სთხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სისხლის სამართლებრივი დევნით ემუქრება. 2019 წლის 4 დეკემბერს მაუწყებლის ჟურნალისტებმა აქცია გამართეს და დირექტორს დაუსაბუთებელი ბრალდებებისგან თავის შეკავება მოსთხოვეს. ჟურნალისტების განცხადებაში ვკითხულობთ: „პირველი, რაც გიორგი კოხრეიძემ გააკეთა, სწორედ სარედაქციო პოლიტიკას ეხება. კერძოდ, მან თავის მოადგილეს, ნათია ზოიძეს, ვინც კონტრაქტით არხზე საინფორმაციო პოლიტიკაზეა პასუხისმგებელი, ხელშეკრულების პირობების შეცვლა და სარედაქციო საქმიანობისგან ჩამოშორება მოსთხოვა. ახალმა დირექტორმა მთელი რედაქცია პოლიტიკური დღის წესრიგით საქმიანობაში, მიკერძოებასა და „სპექტაკლების დადგმაში“ დაადანაშაულა. გვითხრა, რომ არ ენდობა ჩვენი საქმიანობის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მომზადებულ დასკვნებს, მათ შორის, არც ეუთოს და არც ბოლოდროინდელ რეიტინგებს.“

აჭარის ტელევიზიაში განვითარებული მოვლენები გააკრიტიკა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ და ასევე, საქართველოს სახალხო დამცველმა.

აჭარის ტელევიზიამ ბოლო წლებში მოახერხა გამხდარიყო საზოგადოების მაღალი ნდობის მქონე ტელევიზია, რომელიც კრიტიკულად და პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესებისგან დამოუკიდებლად აშუქებდა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ და სოციალურ მოვლენებს. ის ახერხებდა გაეშუქებინა სიღარიბის, ჩაგვრის, ექსპლუატაციის უხილავი პრაქტიკა და გარიყული ჯგუფებისთვის და ალტერნატიული პოლიტიკური და სამოქალაქო იდეებისთვის ღია პლატფორმა შეექმნა. იდეათა პლურალიზმი, მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და მგრძნობელობა იყო ის, რამაც ტელევიზიის მიმართ საზოგადოების ნდობა და მხარდაჭერა განაპირობა.

ცხადია, რომ ამგვარი მედიაპლატფორმის შექმნაში ჟურნალისტების შესანიშნავ გუნდთან ერთად, არსებითი წვლილი შეიტანა ტელევიზიის მენეჯმენტმა და ყოფილმა დირექტორმა ნათია კაპანაძემ, რომელიც დაუსაბუთებელი მიზეზებით იმპიჩმენტის წესით რამდენიმე თვის წინ გაათავისუფლეს. იმპიჩმენტის პროცედურა და ტელევიზიაში შემდგომ განვითარებული მოვლენები უკვე აჩენდა ეჭვებს, რომ ხელისუფლებას საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებელი და კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის ცვლილების ინტერესი ამოძრავებდა.

EMC სოლიდარობას უცხადებს აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებს და მზად არის მათ სამართლებრივი მხარდაჭერა აღმოუჩინოს საკუთარი შრომითი უფლებების და დამოუკიდებლობისთვის კოლექტიური ბრძოლის პროცესში'' - წერია განცხადებაში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში