ძიუდოისტთა ნაკრების ყოფილ მწვრთნელს, არასრულწლოვნებთან გარყვნილი ქმედებისთვის პატიმრობა მიუსაჯეს 

04 დეკემბერი 2019, 10:27 1639 ნახვა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ყოფილი მწვრთნელი, ავსტრიელი პეტერ ზაიზენბახერი, წარსულში არასრულწლოვან გოგონებთან ჩადენილი გარყვნილი ქმედებისთვის, ავსტრიის სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ოლიმპიურ ჩემპიონს განაჩენის გასაჩივრების უფლება აქვს, სანამ ვენის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში შევა.

ძიუდოში 1984 და 1988 წლების ოლიმპიურ ჩემპიონს ორ არასრულწლოვან გოგონასთან სექსუალური ხასიათის ქმედებაში ბრალი 2016 წლის ბოლოს წაუყენეს. საქმე 1990-იანი წლების ბოლო და 2000-იანი წლების დასაწყისში პერიოდს ეხება.

პეტერ ზაიზენბახერი 2016 წლის შემდეგ მართლმსაჯულებას ქვეყნის საზღვრებს გარეთ ემალებოდა. ყოფილი სპორტსმენი და მწვრთნელი კიევში დააკავეს. მისი ავსტრიაში ექსტრადირება კი, 2019 წლის სექტემბერში განხორციელდა. ვენის სასამართლომ პეტერი დამნაშავედ ბრალდების ყველა პუნქტში ცნო.

ავსტრიელი ოლიმპიური ჩემპიონი 2010-2012 წლებში საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მწვრთნელად მუშაობდა და ნაკრებს 2012 წლის ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზეც უხელმძღვანელა, სადაც ოქროს მედალი ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვა.

ისტორიაში პეტერ ზაიზენბახერი პირველი ძიუდოისტია, ვინც ზედიზედ ორ ოლიმპიურ თამაშებზე გაიმარჯვა.

 

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში