შეიარაღებული დაპირისპირება მთიან ყარაბაღში

05 აპრილი 2016, 00:00 6506 ნახვა

მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების ინტენსიურობამ უმნიშვნელოდ იკლო, თუმცა სიტუაცია მაინც დაძაბულია. დაპირისპირებული მხარეები პოზიციების დაცხრილვას მთელი ღამის განმავლობაში ახორციელებდნენ. სომხეთის თავდაცვის უწყების მტკიცებით, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები "სმერჩი" გამოიყენეს. თავის მხრივ, აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა აზერბაიჯანული პოზიციები ნაღმმტყორცნებით 120 - ჯერ დაბომბეს.

ოფიციალური ბაქოს განცხადებით, "აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები ფრონტის ხაზსა და შაბათს გათავისუფლებულ ტერიტორიებზე სიტუაციას აკონტროლებენ". აზერბაიჯანული მხარე სტეპანოკერტის შესაძლო დაცხრილვის შესახებ იმუქრება, თუ სომხური მხარე არ შეწყვეტს აზერბაიჯანის დასახლებული პუნქტების მიმართულებით სროლას. თავის მხრივ ოფიციალური ერევანი მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარებით იმუქრება, თუ სამხედრო მოქმედებები ფართო მასშტაბებს მიიღებს.

ამერიკის შეერთებული შტატები, საფრანგეთი და რუსეთი ბაქოსა და ერევანს ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტისკენ და კონფლიქტის მოგვარებისკენ მოუწოდებენ. მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ვითარება 2 აპრილს გამწვავდა. გაეროს ოფიციალური მონაცემებით, შეიარაღებულ დაპირისპირებას 33 ადამიანი ემსხვერპლა, 200-ზე მეტი დაშავდა. დაღუპულებს შორის არიან მშვიდობიანი მოქალაქეები. დღეს ვენაში მთლიანი ყარაბაღის ირგვლივ სიტუაციაზე ეუთოს მინსკის ჯგუფი იმსჯელებს. შეხვედრა ელჩების დონეზე გაიმართება. 

ამავე კატეგორიაში