აჭარის მაუწყებლის მრჩევლები ფიქრობენ, რომ მათ მედია აბულინგებს

22 ნოემბერი 2019, 13:39 1688 ნახვა

​აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელის მრჩეველთა საბჭო დირექტორს ირჩევს. დირექტორობის ერთ-ერთ მსურველთან, ნათია ზოიძესთან გასაუბრების დროს, მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარემ, გიგა ჩხარტიშვილმა თქვა, რომ მათზე მედიაბულინგი ხორციელდება, ჟურნალისტები ცდილობენ არჩევანზე გავლენა მოახდინონ. 

მანამდე კი, ნათია ზოიძეს მაუწყებლის შესახებ მე-18 მუხლი წაუკითხა, სადაც წერია, რომ მაუწყებლის თანამშრომლების საქმიანობაში ჩარევა ან მათზე რაიმე ტიპის ზეწოლა დაუშვებელია. 

,,საზოგადოებრივი მაუწყებელი, მისი თანამდებობის პირი და თანამშრომელი საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელებისას დამოუკიდებელნი არიან და ემორჩილებიან მხოლოდ კანონს. მათ საქმიანობაზე უკანონო ზემოქმედება და ამ საქმიანობაში ჩარევა დაუშვებელია, ხოლო ამგვარი ზემოქმედებისა და ჩარევის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება ბათილი.

იკრძალება საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო, მმართველობითი და ფინანსური დამოუკიდებლობის ხელყოფა, მათ შორის, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მისთვის მითითების, დავალების მიცემა, შეთანხმების დავალება ან მასზე ზეწოლის სხვაგვარად განხორციელება" - წერია კანონში. 

- "კანონში არსებობს ინსტიტუციური გარანტიები იმაზე, რაც ჩვენ გუშინ მოვისმინეთ, წინასწარ შიშებზე და წინასწარ რაღაც დასკვნებზე (დირექტორის არჩევასთან დაკავშირებით. ავტ.). აქ საუბარია იმაზე, იცოდა თუ არა მთელმა სარედაქციო ბლოკმა, როდესაც სხვადასხვა ტიპის განცხადებები კეთდებოდა?" - იკითხა გიგა ჩხარტიშვილმა. 

ნათია ზოიძემ უპასუხა, რომ მაუწყებლის წინაშე არსებული შიშები საფუძვლიანია: "მე სხვაზე არ გადავიტან ისრებს, პასუხს ვაგებ ჩემს განცხადებებზე, დიახ, მე ვფიქრობ, რომ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის წინაშე გარკვეული საფრთხეები არსებობს". 

- "მე მინდა მოკლედ გითხრათ, ეს კანონი არა მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებზე, არამედ მრჩეველთა საბჭოზეც ვრცელდება. ამ მედიაბულინგის პირობებში კი, მედია ცდილობს აიძულოს მრჩევლები რაღაცა გადაწყვეტილება მიიღონ, ეს არ გამოვა" - განაცხადა გიგო ჩხარტიშვილმა. 

ნათია ზოიძემ უთხრა მრჩევლებს, რომ მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკის დაკარგვისა და ხელისუფლების შესაძლო ინტერესებზე მასალების მომზადება ან განცხადებების გაკეთება არ არის ბულინგი, ეს არის კრიტიკა და სიტუაციის შეფასება. 

 რეპლიკაზე საბჭოს მეორე წევრმა, თამილა დოლიძემ თქვა, რომ "თქვენ არ ფიქრობთ, რომ ბულინგია, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ". 

 

რა პროცესები მიმდინარეობს აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში ბოლო თვეების განმავლობაში:

აჭარის ტელევიზიის დირექტორის პოსტი ვაკანტური 2019 წლის 19 აპრილს გახდა, მას შემდეგ რაც ნათია კაპანაძის იმპიჩმენტი განხორციელდა. 

მრჩეველთა საბჭოს ძველმა შემადგენლობამ, სამი კონკურსი ჩაატარა და გამარჯვებული ვერ გამოავლინა. მეოთხე კონკურსი კი ბოლო შანსი იყო, ძველი შემადგენლობის მრჩეველთა საბჭოს აერჩია მაუწყებლის დირექტორი, რადგან 4 მრჩეველს უფლებამოსილება უმთავრდებოდა. 

მეოთხე კონკურსი ერთ-ერთი კანდიდატის, გიორგი კოხრეიძის სარჩელის საფუძველზე, სასამართლოს განჩინებით შეჩერდა. რის გამოც, ისე დაუსრულდა უფლებამოსილება მრჩეველთა საბჭოს წევრებს, რომ დირექტორი ვერ აირჩიეს. 

მედია ექსპერტებმა მიიჩნიეს, რომ პროცესი სასამართლოს დახმარებით ხელოვნურად გაჭიანურდა, ვინაიდან ძველი მრჩეველთა საბჭოს წევრებს ვერ აარჩევინეს ის კანდიდატი, რომელიც სჭირდებოდა ხელისუფლებას. წინა კონკურსების დროს, საბჭოს უკვე ყოფილი წევრები აქტიურად საუბრობდნენ იმაზე, რომ ორი საბჭოს წევრი სისტემატიურად სახელისუფლებო კანდიდატს უჭერდა მხარს და სამი წევრს ჰქონდა შანსი, მაუწყებლის დირექტორად აერჩიათ პირი, რომელიც დამოუკიდებელი იქნებოდა პოლიტიკური გავლენებისგან. 

ყოფილმა მრჩეველმა ბეჟან გობაძემ თქვა, რომ  5 წევრიდან ორ ხმას სამთავრობო კანდიდატი იღებდა. ნატა იმედაიშვილი და გიორგი ირემაძე კი ამბობდნენ, რომ ახალი დირექტორის არჩევაზე კონსულტაციები, სამ მრჩეველს შორის ხდებოდა.

მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე, ნატა იმედაიშვილის ამბობდა, ჰქონდა მოლოდინი, მე-4 კონკურსზე, აერჩიათ დირექტორი, კონსესუსი სამ მრჩეველს შორის შედგებოდა. 

აჭარის მთავრობის თავმდჯომარემ, თორნიკე რიჟვაძემ სამთავრობო კანდიდატების შესახებ დასმულ კითხვაზე განაცხადა, რომ არც ბევრი დრო ჰქონია და არც სურვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის შიდა საქმიანობით დაინტერესებულიყო. 

მედიაექსპერტები ვარაუდობდნენ, რომ კონკურსის შეჩერებამ მისცა შანსი უკვე ახლად დაკომპლექტებულ მრჩეველთა საბჭოს აერჩია დირექტორი, რომლის უმრავლესობა - ანუ სამი წევრი, მართველი პარტიის კვოტით არის წარდგენილია და არჩეული. 

კონკურსის შეჩერება, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებმაც პროცესის ხელოვნურად გაჭიანურებად მიიჩნიეს, დახმარებისთვის სამოქალაქო სექტორს და აკრედიტებულ დიპლომატებს მიმართეს და განცხადება გაავრცელეს. ჟურნალისტებმა მიიჩნიეს, კონკურსის შეჩერება იმის გამო მოხდა, რომ ახალი“დირექტორი ​ძველ მრჩეველთა საბჭოს არ აერჩია, რომელიც ნაკლებად იყო ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში