აქციის დაშლა და პოლიტიკური შეფასებები

19 ნოემბერი 2019, 20:01 1308 ნახვა

აქციის დაშლას შეფასებები მოჰყვა დღეს პოლიტიკურ წრეებში. პრემიერი გახარია აცხადებს, რომ თუ „უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები“ იგივეს გააკეთებენ, პოლიციის ქმედებაც იქნება შესაბამისი. არადა გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ აქციის მშვიდობიანად დასრულება სწორედ პასუხისმგებლიანი ოპოზიციის დამსახურებაა. მან დღეს არჩილ თალაკვაძესაც მიმართა და ურჩია, ბოქლომების გადაჭრის ნაცვლად, მისი გასაღები ხალხში ეძებოს.  

ბიუროს სხდომის ჩატარების მოტივით აქციის დაშლას აკრიტიკებს დამოუკიდებელი დეპუტატი ლაშა ნაცვლიშვილი. დავით ჭიჭინაძე კი პროტესტის რადიკალურ ფორმებს ეწინააღმდეგება.  

სპეცდანიშნულების რაზმებმა პარლამენტის მიმდებარედ ოპოზიციის აქცია გუშინ დაშალეს და ბლოკირებული შესასვლელები გაათავისუფლეს. აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც “ქართულმა ოცნებამ” დანაპირები არ შეასრულა, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით უნდა ჩატარებულიყო.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში