აჭარის მაუწყებლის ახალი მრჩევლები, ახალ დირექტორს სამ დღეში აირჩევენ 

19 ნოემბერი 2019, 17:43 383 ნახვა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭომ განცხადება გაავრცელა და რიგგარეშე სხდომა ჩანიშნა, სადაც ორ საკითხს განიხილავენ. პირველი საკითხი აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის არჩევა და დანიშვნაა. 

დირექტორის არჩევნების დღე ისე ჩაინიშნა, რომ მრჩეველთა საბჭოსთვის უცნობია, რამდენი კანდიდატი შეიტანს განაცხადს და დასჭირდებათ თუ არა კანდიდატებთან გასაუბრებისთვის და არჩევანის გასაკეთებლად ერთ დღეზე მეტი. 

საბუთების შეტანა, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორობის მსურველებისთვის, 20 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი. 

აჭარის მაუწყებლის ერთ-ერთი მრჩეველი, თამილა დოლიძე ამბობს დღეის მდგომარეობით სამ კანდიდატს აქვს განაცხადი შემოტანილი, ამიტომაც არჩევნების დღე საბუთების შემოტანის დასრულებიდან ორ დღეში ჩაინიშნა. 

"ჩვენ გვქონდა ვალდებულება, სამი დღით ადრე გამოგვეცხადებინა მრჩეველთა საბჭოს რიგგარეშე სხდომა და ასეც მოვიქეცით. ამ ეტაპზე, დირექტორობის მსურველთა სამი განაცხადია შემოსული, თუ უფრო მეტი განაცხადი შემოვა და გასაუბრებისთვის უფრო მეტი დრო დაგვჭირდება, რიგგარეშე სხდომის თარიღს შევცვლით," - გვითხრა თამილა დოლიძემ.  

აჭარის მაუწყებლის დირექტორის შესარჩევი ღია კონკურსი, გუშინ, 18 ნოემბერს, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით განახლდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა  ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიო’’-ს კერძო საჩივარი და გააუქმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 23 სექტემბრის განჩინება, რომლითაც შეჩერებული იყო დირექტორის არჩევნების მეოთხე კონკურსი.

აჭარის ტელევიზიის დირექტორის შესარჩევად მეოთხედ გამოცხადებული კონკურსი, დოკუმენტების მიღების დასრულებამდე ერთი დღით ადრე შეჩერდა. სასამართლომ ეს გადაწყვეტილება  კონკურსში მონაწილე ერთ-ერთი კანდიდატის გიორგი კოხრეიძის სარჩელის საფუძველზე მიიღო, რომელიც ამტკიცებდა, რომ მაუწყებლის დირექტორი თავად იყო.  სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია რომ კონკურსის გაჩერება უსაფუძვლო იყო. 

აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დირექტორის კონკურსის შეჩერების განჩინება გაასაჩივრა. დოკუმენტი, რომელსაც აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია ზოიძე აწერს ხელს, სასამართლოში 30 სექტემბერს გაიგზავნა. 

კონკურსის შეჩერება, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებმა და მედია ექსპერტებმა პროცესის ხელოვნურად, შეჩერების მცდელობად აღიქვეს და დახმარებისთვის სამოქალაქო სექტორს და აკრედიტებულ დიპლომატებს მიმართეს. ჟურნალისტებმა მიიჩნიეს, კონკურსის შეჩერება იმის გამო მოხდა, რომ ახალი“დირექტორი ​ძველ მრჩეველთა საბჭოს არ აერჩია, რომელიც ნაკლებად იყო ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი.

ორი თვის შემდეგ სააპელაციო სასამართლომ განჩინება გამოაქვეყნა. 


 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი