‘’მივიღე ძალიან მძიმე გადაწყვეტილება“- სოფო ქაცარავამ პარლამენტიც დატოვა

16 ნოემბერი 2019, 18:10 1291 ნახვა

დეპუტატის მანდატს სოფიო ქაცარავაც ტოვებს. განცხადება მან სოციალურ ქსელში გაავრცელა. მისი თქმით, ეს მძიმე თუმცა მისი გადასახედიდან სწორი გადაწყვეტილებაა. სოფო ქაცარავა პარტია „ქართული ოცნების“ პროპორციული სიის მომდევნო წევრმა უნდა ჩაანაცვლოს. ვანო ზარდიაშვილის მიერ სადეპუტატო მანდატის დატოვების შემდეგ, „ქართული ოცნების“ პროპორციული სია თემურ გოცირიძეზე არის გაჩერებული, რომლის თაობაზეც პარლამენტს ცესკო-მ ინფორმაცია უნდა წარუდგინოს, რადგან მისი სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობა ჯერ არ მომხდარა.

იმის გათვალისწინებით, რომ სოფო ქაცარავა საპარლამენტო უმრავლესობისა და საპარლამენტო თანამდებობების შემდეგ უარს სადეპუტატო მანდატზეც ამბობს, საკანონმდებლო ორგანოში მისი ჩანაცვლება „ქართული ოცნების“ პროპორციული სიის მომდევნო წევრს ბენედიქტე ქაშაკაშვილს შეუძლია, რომელიც სიაში თემურ გოცირიძის შემდეგ, 53-ე არის.

იმ შემთხვევაში, თუ ბენედიქტე ქაშაკაშვილი დეპუტატის მანდატზე უარს იტყვის, სიაში მომდევნო არის პაატა გოგოხია. 14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რასაც საკანონმდებლო ორგანოს გარეთ პროტესტი, შენობაში კი ხმაური მოჰყვა. ჯამში უმრავლესობა 12-მა დეპუტატმა დატოვა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში