ოკუპანტების მიერ დაკავებული ექიმი კვლავ პატიმრობაშია

16 ნოემბერი 2019, 18:15 1370 ნახვა

ცხინვალის იზოლატორში მოთავსებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის საქმე, ერთ-ერთი იყო, დღეს უმრავლესობის მიერ განხილულ საკითხებს შორის. უმრავლესობის ლიდერის, გია ვოლსკის განცხადებით, საკითხთან დაკავშირებით შეხვედრაზე მოკლე მიმოხილვა იყო. ექიმის დაპატიმრება, რომელიც განსაცდელში მყოფ ადამიანებს ეხმარება, არის გაუგონარი ბოროტება, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებას. 

საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ყველა ინსტრუმენტს იყენებენ საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაპატიმრებული ექიმის,  გასათავისუფლებლად. საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილი, მოუწოდა, გამოიყენონ ყველა არსებული საშუალება, “რათა ოკუპირებულ რეგიონში გამოსწორდეს ვითარება და უმოკლეს დროში გათავისუფლდეს ქართველი ექიმი. ხელისუფლებას და საერთაშორისო ორგანიზაციებს სახალხო დამცველმაც მოუწოდა, ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებად ძალისხმევა არ დაიშურონ. 

საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებულ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს სოლიდარობა, პარლამენტის შენობის წინ შეკრებილმა აქციის მონაწილეებმაც გამოუცხადეს. მათ პირბადეები გაიკეთეს. ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებული ორჭოსანის სიახლოვეს, რამდენიმე დღის წინ დააკავეს. მის წინააღმდეგ დე ფაქტო რეჟიმმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა. საქართველოს მოქალაქეს,  წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. საოკუპაციო რეჟიმი ვაჟა გაფრინდაშვილს ე.წ. საზღვრის დარღვევას ედავება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში