2020 წელს არჩევნების პროპორციული წესით ვერ ჩატარება ქვეყნის დასასრულს არ ნიშნავს - არჩილ თალაკვაძე

15 ნოემბერი 2019, 15:04 1365 ნახვა

''პროპორციული არჩევნების 2020 წელს გადმოწევის ინიციატივის ვერ განხორციელება, ქვეყნის დასასრულს არ ნიშნავს, როგორც ოპონენტებს დღეს ამის წარმოჩენა სურთ'' - განაცხადა საგანგებო ბრიფინგზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. ''ქართული ოცნების'' ერთ-ერთი ლიდერი არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდება და ამის საშიშროება არ არსებობს. 

მისივე განცხადებით,საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის გასატარებლად  მმართველი გუნდი ეუთოს რეკომენდაციები გაითვალისწინებს, ასევე გაიმართება კონსულტაციები საერთაშორისო პარტნიორებთან.

"პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა "ქართული ოცნების" ინიციატივა იყო. სწორედ ჩვენი გუნდის ძალისხმევით ჩაიწერა კონსტიტუციაში, რომ 2014 წლიდან არჩევნები  სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდებოდა. როგორც არ უნდა შეეცადონ ამ პროცესის წარმოჩენას, ინტერპრეტაციას ჩვენი ოპონენტები, ეს გადაწყვეტილება ნებისმიერ შემთხვევაში მიიღო ქვეყნის კონსტიტუციურმა ინსტიტუტმა- საქართველოს პარლამენტმა. ​სამწუხაროა, რომ ინიციატივამ საკმარისი ხმები ვერ მიიღო, თუმცა პროპორციული არჩევნების 2020 წელს გადმოწევის ინიციატივის ვერ განხორციელება ქვეყნის დასასრულს არ ნიშნავს, როგორც ოპონენტებს დღეს ამის წარმოჩენა სურთ. ეს ნიშნავს იმას, რომ 2024 წლამდე, რჩება ის სისტემა, რომელიც აქამდე მოქმედებდა.

არჩევნებს ხალხის ნდობა იგებს და არა ცალკე აღებული საარჩევნო მოდელი, ნურავინ შეეცდება მოსახლეობის მხარდაჭერის არქონა სისტემის მახასიათებლებს დააბრალოს," -  განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

არჩილ თალაკვაძემ დღეს პოლიტიკური პარტიის ლიდერებსაც მიმართა და აჟიოტაჟის ნაცვლად 2020 წლის არჩევნებისთვის მზადებისკენ მოუწოდა. 

''დღეს ჩვენს ქვეყანას სჭირდება მშვიდობიანი და სტაბილური გარემო. სახელმწიფო არის და იქნება მოწოდების სიმაღლეზე გაუმკლავდეს გამოწვევებს. ქვეყანაში არ იქნება კრიზისი. 

მოვუწოდებთ ჩვენს ოპონენტებს, აჟიოტაჟის ხელოვნურად შექმნის მცდელობების ნაცვლად საფუძვლიანად მოემზადონ კონსტრუქციული პროცესისითვის და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, სადაც ქართველის ხალხი გადაწყვეტს, ვის ანდობს ქვეყნის მომავალს'' - თქვა ბრიფინგზე თალაკვაძემ. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში