თუთუნის მწარმოებლები მთიანი აჭარიდან რეგულაციებს აქციებით აპროტესტებენ 

13 ნოემბერი 2019, 12:23 2234 ნახვა

რამდენიმე დღეში საქართველოში თამბაქოს ნაწარმის დაფასოების გარეშე რეალიზაცია იკრძალება. ასევე თამბაქოზე უნდა იყოს აქციზური მარკა და სამედიცინო გაფრთხილება. წინააღმდეგ შემთხვევაში რეალიზატორები დაჯარიმდებიან. შეფუთვის გარეშე თუთუნს ვეღარ გაყიდიან ქალაქშიც.

თამბაქო აქტიურად მოყავთ აჭარის მუნიციპალიტეტებში, ქედაში, შუახევსა და ხულოში. მოსახლეობა ახალი რეგულაციების ამოქმედებას ეწინააღმდეგება.

მოქალაქეები დღეს ქედაში შეიკრიბნენ.  ''საკანონდებლო ცვლილება ხალხის ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს'', ''ნუ აიძულებთ ოჯახებს დატოვონ სოფელი,'' ''თამბაქოს კულტურას განადგურება ემუქრება'', - დაწერეს ბანერებზე, რომელიც დღეს აქციაზე მიიტანეს.

ისინი ამბობენ, რომ თამბაქო შემოსავლის მთავარი წყაროა, ახალი რეგულაციების დაწესების შემდეგ კი, ოჯახები ფინანსური რესურსების გარეშე დარჩებიან. აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ფერმერები ყვებიან, რომ თუთუნის მოსაყვანად სესხი აიღეს, გამკაცრებული სანქციების პირობებში კი, მთელი შემოსავალი კრედიტის დაფარვას დასჭირდება. 

''ჩვენ მივმართავთ ყველას, აჭარის მთავრობას და ცენტრალურ ხელისუფლებას. ქედაში, შუახევსა და ხულოში მოდის თამბაქო, რომელსაც მოსახლეობა აწარმოებს და შემოსავლის წყაროა. ღებულობენ კანონს რომელიც ჩვენთვის მიუღებელია და ამას ხალხი არ დაუშვებს. ეს გამორიცხულია. მე თვითონ თამბაოქს გამყიდველი ვარ, ჩემს ძმას მოჰყავს და მე ვყიდი. ოჯახი ვართ ამით დაკავებული. ​დავიანგარიშეთ, კილოგრამზე 60 ლარი უნდა გადაიხადოს, პლიუს აქციზი, ჯანამრთელობის სერთიფიკატი და მარკა, 75 ლარზე ადის. იმ დროს როცა თამბაქოს 40-50 ლარად ვყიდდით. მივმართავთ პარლამენტს, გვაინტერესებს თუ ბეგრავენ კახეთში ყურძენს, გორში ვაშლს, აბაშაში სიმინდს, ახალქალაქში კარტოფილს? ჩვენ რელიეფის პირობებში მხოლოდ თამბაქო მოდის და ამით თავს ვირჩენთ'' - ამბობს ამირან ბერიძე. 

ქედაში აქციაზე სამართალდამცველებიც იმყოფებიან. 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში