უნდა ვაიძულოთ ხელისუფლება აზარტული თამაშების რეკლამა აკრძალოს - ლევან გოგიჩაიშვილი

13 ნოემბერი 2019, 11:20 1653 ნახვა

აზარტული თამაშების რეკლამის, ამ თამაშებში არასრულწლოვანების ჩართვისა და სხვა შეზღუდვების დაწესების შესახებ, პარლამენტში კანონპროექტი დარეგისტრირდა. პროექტის პარლამენტში შეტანის ინიციატორი ლევან გოგიჩაიშვილია. ყოფილი უმრავლესობის წევრი მიიჩნევს, რომ აზარტული თამაშების სარეკლამო კამპანია უნდა იყოს კანონით დარეგულირებული, ასევე, უნდა განისაზღვროს იმათ ასაკი, ვისაც ექნება უფლება ითამაშოს აზარტული თამაშები და ა.შ.  

დამოუკიდებელი დეპუტატი დარწმუნებულია, რომ ცვლილება დღეს არსებულ მძიმე მდგომარეობაზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს.  

"ამ ინიციატივაზე ჯერ კიდევ ორი წლის წინ დაიწყო მუშაობა, მთავრობასთან ერთად გავაკეთეთ კომისია და შევიმუშავეთ ეს კანონპროექტი, რომელიც არ დამტკიცდა. ეს კანონპროექტი სახელმწიფოს მისცემს საშუალებას, როგორც ამ სფეროს ადმინისტრირების, ასევე პრობლემის გამოკვეთს. ექნება სრული სურათი და კონტროლის საშუალება - არასრულწლოვნების ამ თამაშებში ჩართვის, ფულის გათეთრების, ასაკობრივ ცენზის და ა.შ. ჩვენ უნდა ვაიძულოთ ხელისუფლება, რომ გადადგას ეს ნაბიჯი," - განაცხადა დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ლევან გოგიჩაიშვილმა. 

მისი განცხადებით, წინა პრემიერ მინისტრი იმუქრებოდა ამ პროექტის დამტკიცებას, თუმცა ისე გაქრა, არაფერიც არ დაუმტკიცებია.   "მანამდე ვთხოვდი მამუკა ბახტაძეს ამ კანონის დამტკიცებას, თუმცა ის ისე გაქრა, არაფერი გაუკეთებია. "იქეთ გვემუქრებოდა ჩვენ დავამტკიცებთო, თუმცა ისე გაქრა და წავიდა, ისიც არ ვიცით ამ ქვეყანაში არის თუ არა. ჩვენ ეს თემა უნდა დავაბრუნოთ დღის წესრიგში" - ამბობს გოგიჩაიშვილი.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში