როგორ გამოიყენა ქიბარ ხალვაშის ძმის კომპანიამ სახელმწიფო მიწა უსასყიდლოდ - აუდიტის დასკვნა

11 ნოემბერი 2019, 18:32 1928 ნახვა

ქიბარ ხალვაშის ძმის კომპანიას, შპს „ბიზონს“, დაბა ხელვაჩაურში, მთავრობის ბალანსზე არსებული 21 ათასი კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი, სამი წლის განმავლობაში (2016, 17 და 18) უნებართვოდ, უსასყიდლოდ ჰქონდა დაკავებული, ამის შესახებ აუდიტის დასკვნაში წერია, რომელიც 2019 წლის 8 ნოემბერს გამოქვეყნდა.

აუდიტის დასკვნის მიხედვით, მიწაზე რომელიც შპს „ბიზონს“ ჰქონდა ათვისებული, აუქციონიც გამოცხადდა, თუმცა ქონების გამოთავისუფლება ვერ მოხერხდა.

ქიბარის ძმის, ნიაზ ხალვაშის კომპანია, რომელსაც სახელმწიფო ქონება უკანონოდ ჰქონდა დაკავებული, აუქციონში თავად მონაწილეობდა, იმარჯვებდა, ხელშეკრულებას კი არ აფორმებდა. 

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ, შპს „ბიზონის“ მიერ დაკავებული მიწის ნაკვეთზე, ორჯერ გამოაცხადა აუქციონი.   ​ აქუციონზე ვაჭრობის შემდეგ,  წლიური სარგებლობის საფასური პირველ შემთხვევაში 3 მილიონით განისაზღვრა, მეორე აუქციონზე კი, ერთი მილიონი იყო.  როგორც აუდიტორი წერს, ფასი ხელოვნურად იყო გაზრდილი.

ორივე აუქციონი იმ მიზეზით ჩავარდა, რომ გამარჯვებული კომპანია ხელშეკრულების გასაფორმებლად არ მივიდა.  აუდიტის სამსახურმა დაადგინა, რომ ამ აუქციონებში თავად  შპს ''ბიზონი'' იგებდა, რომელიც მიზანმიმართულად ზრდიდა ფასს, იმარჯვებდა და შემდეგ აუქციონს შლიდა.

აუდიტის დასკვნის თანახმად, კომპანიამ აუქციონების ჩაშლაზე პირგასამტეხლოს სახით, მხოლოდ 31 000 ლარი გადაიხადა. სამაგიეროდ კი, 2016 წლის შემდეგ, სახელმწიფო მიწას უსასყიდლოდ ფლობს.

აუდიტორი წერს, რომ აუქციონი ჩავარდნიდან მხოლოდ 14 თვის შემდეგ გამოაცხადა, თუმცა სამინისტროს მიწის უკანონოდ ამთვისებელი შპს ''ბიზონის''  წინააღმდეგ, 2018 წელს სამართლებრივი ქმედებები არ განუხორციელებია. 

შპს "ბიზონის" დირექტორი, ნიაზ ხალვაში კი ამბობს, რომ ის ხელოვნურად არ ცდილობდა აუქციონების ჩაშლას, მას ხელს უშლიდა კონკურენტი, რომელიც ამ მიწით ფიზიკურად ვერ ისარგებლებდა და მის  საქმიანობას შეაფერხებდა. 

მე რა სარგებელი ვნახე? გარდა იმისა, რომ ჯარიმასაც გადავიხდი, იჯარასაც და კიდევ დაერქმევა, რომ ვიღაცეების გავლენით უკანონოდ ვიყენებდი სახელმწიფო მიწას - გვითხრა ნიაზ ხალვაშმა. 

- "იქ, რომ მოხვიდეთ უფრო კარგად მიხვდებით რას ვგულისხმობ, ეს მიწა ისეა განთასვებული, რომ ვერ ისარგებლებს სხვა, ჩემი კომპანიის მომიჯნავედ არის და ცალკე შესასვლელი არ აქვს. არადა  სპეციალურად ცდილობდა ფასის აწევას სხვა პირი, 2 მილიონამდე რომ გაზრდი ხელვაჩაურში ამ მიწის იჯარას, რომელსაც ჩალის ფასი აქვს, გასაგებია ყველაფერი. იძულებულები გავხდით გაგვეზარდა ფასი, რომ დაგვრჩენოდა მიწა. მზად ვარ ახლაც გადავიხადო ამ პერიოდის განმავლობაში იჯარის ღირებულება... მე რა სარგებელი ვნახე? გარდა იმისა, რომ ჯარიმასაც გადავიხდი, იჯარასაც და კიდევ დაერქმევა, რომ ვიღაცეების გავლენით უკანონოდ ვიყენებდი სახელმწიფო მიწას" - გვითხრა ნიაზ ხალვაშმა. 

ეკონომიკის სამინისტრომ კომპანიასთან სამართლებრივი დავა,  2019 წელს დაიწყო. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წელს უწყებაში შექმნა კომისია, რომელიც უკანონოდ ათვისებული მიწების საკითხს სწავლობს. გამოავლინა ამ ტიპის დარღვევების 48 ფაქტი, კომპანიების ნაწილს უჩივლეს, ნაწილმა კი საიჯარო თანხები გადაიხადეს.

ამ სიაში მოხვდა, შპს „ბიზონიც“, რომელსაც სამინისტრომ ბათუმის საქალაქო სასამართლოში სამი წლისა და ორი ჩაგდებული აუქციონის შემდეგ უჩივლა. კომპანიას სამინისტრო 86 ათას 400 ლარის გადახდას სთხოვს, სამი წლის განმავლობაში იჯარით სარგებლობის გამო, ასევე სთხოვს მიწის სრულად გათავისუფლებას.

სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ კომპანიის უძრავი ქონება, სასამართლოს განჩინებით დაყადაღებულია, სასამართლო პროცესი კი მიმდინარეობს.

საერთშორისო გამჭვირვალობის'' საიტის მიხედვით, სადაც პარტიების შემოწირულობების შესახებ ინფორმაციაა განთავსებული, წერია, რომ შპს ''ბიზონის'' დირექტორმა ნიაზ ხალვაშმა,  2016 წელს, საპარლამენტო არჩევნებზე „ქართულ ოცნებას'' 2800 ლარი შესწირა. ამ დროს ქობულეთის მაჟორიტარობის კანდიდატი, მისი და, ფატი ხალვაში იყო. იგი დღემდე საქართველოს პარლამენტის წევრია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში