კინოჩვენების პარალელურად ბათუმსა და თბილისში 27 პირი დააკავეს - შსს

09 ნოემბერი 2019, 09:07 1500 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 8 ნოემბერს, ბათუმსა და თბილისში 27 პირი დააკავეს, ფილმის ჩვენებისას ოთხ ინციდენტზე გამოძიება  მიმდინარეობს და ასევე, ფოტო-ვიდეო მასალების დამუშავება.

27-დან სამი მოქალაქე ბათუმში, კინოთეატრ ''აპოლოსთან'' აიყვანეს. ისინი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით დააკავეს.

მიმდინარე გამოძიებებზე შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს:

''თბილისში, კინოთეატრი "ამირანის" მიმდებარე ტერიტორიაზე, მოქალაქე ანა სუბელიანის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე გამოძიება გრძელდება. პოლიციამ აღნიშნული ქმედების ჩამდენი პირის ვინაობა შემთხვევის ადგილზევე დაადგინა და 1984 წელს დაბადებული შ.შ. ბრალდებულის სახით დააკავა.

ასევე თბილისში, მერაბ კოსტავას გამზირზე, დავით ბერძენიშვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს.

პოლიციელებზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით დაიწყო. ინციდენტების დროს დაშავდა ორი სამართალდამცველი, რომლებსაც საავადმყოფოში შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდათ.

რაც შეეხება, შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე არსებული ავტომობილის დაზიანების ფაქტს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს,'' - წერია განცხადებაში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში