მხარდაჭერას ვუცხადებთ ''და ჩვენ ვიცეკვეთ'' შემოქმედებით ჯგუფს, ცენზურა დაუშვებელია - ეროვნული კინოცენტრი

08 ნოემბერი 2019, 11:10 3336 ნახვა

ეროვნული კინოცენტრი მხარდაჭერას უცხადებს ''და ჩვენ ვიცეკვეთ'', როგორც შემოქმედებით ჯგუფს, ისე კინოთეატრების მესვეურებს. მოუწოდებს როგორც საერო ისე სასულიერო პირებს, თავი შეიკავონ ფილმის ჩვენებისთვის ხელის შეშლისგან. ''საქართველოში ნებისმიერი სახის ცენზურა დაუშვებელია, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ის'' - წერია განცხადებაში. 

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი შეშფოთებას გამოთქვამს ექსტრემისტული ჯგუფების მხრიდან ახალი ქართული ფილმის პრემიერის ჩაშლის დაანონსების გამო.

„შვედურ-ქართულ-ფრანგული კოპროდუქცია „და ჩვენ ვიცეკვეთ“ 8 ნოემბერს უნდა გამოვიდეს ეკრანებზე.

მაყურებლის ინტერესი ფილმისადმი ძალიან დიდია და, შესაბამისად, ყველა ბილეთი გაყიდულია. ეროვნული კინოცენტრი, ისევე როგორც ბევრი მაყურებელი მთელს მსოფლიოში, გულშემატკივრობს ამ ფილმს, რომელიც შვედეთმა ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოზე წარადგინა. ფილმმა უკვე მოიპოვა არაერთი საერთაშორისო აღიარება. მას კომერციული წარმატებაც აქვს.

ეროვნული კინოცენტრი, მიუხედავად იმისა, რომ მას მონაწილეობა არ მიუღია ფილმის შექმნაში, სრულ მხარდაჭერას უცხადებს. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით „შემოქმედების თავისუფლება უზრუნველყოფილია“, „შემოქმედებით პროცესში ჩარევა, შემოქმედებითი საქმიანობის სფეროში ცენზურა დაუშვებელია“.

ამავე დროს საქართველოს კონსტიტუცია ადამიანთა თანასწორობის გარანტია. ეს ფილმი სწორედ ადამიანთა თანასწორობას და საკუთარი იდენტობის ხმამაღლა გაცხადებას ეხება. ადამიანთა თანასწორობის აღიარება კაცობრიობის უდიდესი მონაპოვარია. კაცობრიობამ დიდი ძალისხმევით და უზარმაზარი მსხვერპლის ხარჯზე თანდათან დაძლია რასიზმი, ფაშიზმი… ის აუცილებლად დაძლევს მიზოგინიას, ქსენოფობიას, ჰომოფობიას. ამ ფილმს შეუძლია თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ამ ბრძოლაში, იმისათვის რომ ქართულმა საზოგადოებამ ერთხელ და სამუდამოდ უარყოს აგრესია და მიუღებლობა სექსუალური უმცირესობების მიმართ, და უფრო ჰუმანური გახდეს,'' - წერია განცხადებაში.

ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერა ბათუმსა და თბილისში დღეს, 8 ნოემბერს გაიმართება. სიუჟეტი ახალგაზრდა მოცეკვავის შესახებ არის, რომლის ცხოვრებაც რადიკალურად მას შემდეგ იცვლება, რაც ამბიციური მეტოქე უყვარდება.

ჩვენება დღეს პროტესტის ფონზე გაიმართება. ლევან ვასაძისა და "ქართული მარშის" მომხრეები რამდენიმე დღეა უკვე აანონსებენ, რომ ფილმის ჩვენებას ჩაშლიან. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში