"არ მაქვს დრო კინოში ვიარო" - თორნიკე რიჟვაძე "და ჩვენ ვიცეკვეთ" ფილმის ჩვენებაზე

07 ნოემბერი 2019, 14:39 2517 ნახვა

"არ ვიცი" - ასე უპასუხა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ კითხვას, აპირებს თუ არა 8 ნოემბერს ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენებაზე წასვლას.  მთავრობის თავმჯდომარემ განმარტა, რომ სამწუხაროდ დრო არ აქვს კინოში სასიარულოდ.

საქართველოს კინოთეატრებში, ფილმის  "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენება 8,9 და 10 ნოებერს იგეგმება. ვიდრე ფილმის პრემიერა შედგება, მანამდე საკითხი სკანდალური გახდა, რადიკალურმა ჯგუფებმა პრემიერის ჩაშლა დაანონსეს.

ლევან ვასაძე, "ქართული მარშის" წევრები და მათთან ასოცირებული რადიკალური ჯგუფები, რომელთა ნაწილმაც მოსახლეობას კომბლებითა და ქამრებით დაამახსოვრა თავი, ფიქრობენ, რომ ფილმი ლგბტ თემის  პროპაგანდაა და ის გავლენას მოახდენს პრემიერაზე მისულ მოქალაქეებზე, ამიტომ ბათუმისა და თბილისის კინოთეატრებში მაყურებლების შეშვებას არ გეგმავენ. უფრო მეტიც, საჭიროების შემთხვევაში, პოლიციის კორდონების "ჩაჩოჩებასაც" აანონსებენ. 

ფილმის ჩვენების წინააღმდეგ გამოვიდა საპატრიარქოც, ოფიციალური განცხადება გააკეთა და  ფილმის  "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენება, 31 ოქტომბრის სინოდის სხდომაზე განვითარებულ მოვლენებს დაუკავშირა. 

რადიკალური ჯგუფების განცხადებებს უპასუხეს მმართველ გუნდშიც. საქართველოს პარალამენტის თავმჯდომარის განცხადებით,  სახელმწიფოს ვერავინ ვერ დაემუქრება. რაც შეეხება ფილმს, მისი თქმით, "საქართველოში კულტურული საზოგადოება ცხოვრობს და ყველას აქვს საშუალება, ხელოვნებაში თავი გამოხატოს ისე, როგორც მას უნდა".  

მუქარას გამოეხმაურა შინაგან საქმეთა სამინისტროც, განცხადებაში წერია, რომ პოლიცია საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას უზრუნველყოფს და მანდატის ფარგლებში იმოქმედებს. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში