„ბიუ-ბიუს“ ქათმის ხორცში სალმონელა აღმოჩნდა - სურსათის ეროვნული სააგენტო

06 ნოემბერი 2019, 18:36 5225 ნახვა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ „ბიუ-ბიუს“ წარმოების ქათმის ხორცში სალმონელა აღმოაჩინა. ამის შესახებ ინფორმაცია სააგენტოს გვერდზე, ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა. 

უწყებაში ამბობენ, რომ კომპანიის წარმოებული პროდუქციის შესწავლა, მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც 11 პირის ინტოქსიკაციის შესახებ შეტყობინება შევიდა. მოქალაქეები რესტორანში „ლუდის ქარხანა ჩემო კარგო“-ში ყოფნის შემდეგ მოიწამლნენ. 

სააგენტოში განმარტავენ, რომ 21 ოქტომბერს არაგეგმური ინსპექტირება ჩატარდა, ნიმუშები კი ლაბორატორიაში გადაიგზავნა.

''მოხდა სურსათის ნიმუშების აღება: 1) უკრაინული ქათმის ბარკალი 2) „ბიუ-ბიუ“-ს ქათმის ფრთები (ნახევარფაბრიკატი) 3) „ბიუ-ბიუ“-ს ქათმის ფილე დამარინადებული. სააგენტომ მიკვლევადობის მიზნით, კონტროლი, წარმოების, დისტრიბუციის და რეალიზაციის ყველა ეტაპზე განახორციელა.

ლაბორატორიული კვლევის შედეგად ქათმის დამარინადებული ფილეს ნიმუშში რომლის მწარმოებელია შპს „ჩირინა“(ბიუ-ბიუ) და დისტრიბუტორია შპს „ჯეო დისტრიბუშენ გრუპი“, გამოვლინდა სალმონელა. მიკრობიოლოგიური დარღვევა ასევე გამოვლინდა უკრაინული ქათმის ბარკლის ნიმუშში (მწარმოებელი „Processing Complex“ უკრაინა, დისრტრიბუტორი შპს „სანი“). ლაბორატორიული კვლევის შედეგების გათვალისწინებით, 25 ოქტომბერს, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ განმეორებით ჩაატარა არაგეგმური ინსპექტირება რესტორანში -„ლუდის ქარხანა ჩემო კარგო“,რომელსაც კრიტიკული შეუსაბამობების გამო შეუჩერა საწარმოო პროცესი'' - წერია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

სააგენტომ, ასევე შპს „ჩირინასა“ (ფრინველთა სასაკლაო) და სადისტრიბუციო კომპანია „ჯეო დისტრიბუშენ გრუპშიც“ შეამოწმა, სადაც ლაბორატორიული კვლევის შედეგად, აღებული ხუთი ნიმუშიდან, ოთხ მათგანში, სალმონელა გამოვლინდა.

აღნიშნულ კომპანიებს სურსათის ბაზრიდან ამოღება დაევალათ.

სალმონელათი ინფექცია ხშირი ბაქტერიული დაავადებაა, რომელიც აზიანებს საჭმლის მომნელებელ სისტემას. სალმონელას ბაქტერია ნორმალურ პირობებში, ძირითადად, ცხოვრობს ცხოველებისა და ადამიანების ნაწლავებში, საიდანაც იგი ფეკალიებთან ერთად გამოდის.

ადამიანები ინფიცირდებიან, ძირითადად, დაბინძურებული წყლის ან საკვების მიღებით. იმ შემთხვევაში, თუ ინფექცია გავრცელდა და გასცდა ნაწლავებს, შესაძლოა განვითარდეს სიცოცხლისთვის საშიში გართულებები. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში