პოლიცია იმოქმედებს კანონის ფარგლებში - შსს ბათუმსა და თბილისში დაგეგმილ კინოჩვენებაზე

06 ნოემბერი 2019, 14:33 1844 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცოტა ხნის წინ განცხადება გამოაქვეყნა. უწყება ბათუმსა და თბილისში დაგეგმილ კინოჩვენებასა და ფილმის საწინააღმდეგოდ დაანონსებულ ღონისძიებებს ეხმაურება. 

განცხადებაში წერია, რომ პოლიცია საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას უზრუნველყოფს და მანდატის ფარგლებში იმოქმედებს. 

სამართალდამცველები მოქალაქეებს კანონის დაცვისკენ მოუწოდებენ. 

''შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი ამოცანაა ადამიანის უფლებების და თავისუფლებების დაცვა, განურჩევლად ადამიანის სქესის, რელიგიური კუთვნილების, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის, პოლიტიკური შეხედულების და სხვა ნიშნისა.

გავრცელებული ინფორმაციით, 2019 წლის 8, 9 და 10 ნოემბერს თბილისსა და ბათუმში მდებარე რამდენიმე კინოთეატრში მხატვრული ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ (And Then We Danced) პრემიერა იმართება. ასევე, საზოგადოების გარკვეული ჯგუფების მხრიდან კეთდება განცხადებები კინოჩვენების ხელშემშლელი ღონისძიებების შესახებ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს როგორც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას, ასევე, თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც არ სცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს.

მოვუწოდებთ ყველას, დაიცვან კანონის მოთხოვნები. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს საკუთარი მანდატის ფარგლებში და სამართალდარღვევის თითოეული ფაქტი დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი'' - წერია განცხადებაში. 

გუშინ, 5 ნოემბერს, ლევან ვასაძემ, დიმიტრი ლორთქიფანიძემ, "ქართული მარშის" წევრებმა და "ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოებამ", ბათუმსა და თბილისში ფილმის ჩვენების პრემიერის ჩაშლა დაანონსეს. თქვეს, რომ ფილმი რყვნის საზოგადოებას და მისი ჩვენებს არ დაუშვებენ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში