ბათუმის მერია ასობით სარეცხ მანქანას და მაცივარს ყიდულობს

28 ოქტომბერი 2019, 15:30 1089 ნახვა

ბათუმის მერია  205 ცალ სარეცხი მანქანას,  115 ცალ მაცივარს, 114 ცალ მაგიდის გაზქურას, 33 ცალ ელექტო-გამათბობელს და 70 ცალ გაზის გამათბობელს ყიდულობს.

სატენდერო დოკუმენტების თანახმად, სარეცხი მანქანა უნდა იყოს არანაკლებ 5 კილოიანი, არანაკლებ 800 ბრუნით, მაცივარი ნახევრად მშრალი სისტემის, 4 ქურიანი გაზქურა ემალის ან ნიკელის ზედაპირით, სპირალიანი ელექტრო-გამათბობელი და კედლის, დახურული წვით გაზის გამათბობელი. 

საყოფაცხოვრებო ნივთებს უნდა ჰქონდეს არანაკლებ 1 წლიანი  გარანტია. მიმწოდებელმა კი,  საქონელი ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 დღეში უნდა ჩააბაროს. 

კომპანია, რომელიც ტენდერში გაწერილი მოთხოვნის შესაბამის საქონელს  ბათუმის მერიას მიაწვდის უწყება  მზადაა მას 162 990.0 ლარი გადაუხადოს.

მუნიციპალიტეტში ამბობენ, რომ საყოფაცხოვრებო ნივთების შეძენა სოციალური უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში მოხდება და ის  სოციალურად დაუცველ ოჯახებს გადაეცემათ.

"წლის დასაწყისში ხდება შესწავლა პროგრამით მოსარგებლე სოციალურად დაუცველ ოჯახებს რა საჭიროებები აქვთ და ამის მიხედვით ვაცხადებთ ტენდერებს. შესწავლის საფუძველზე ხდება საჭირო ნივთების დაანგარიშება, რის შემდეგადაც ვაცხადებთ ტენდერს“- ამბობს  მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პოლიტიკის განყოფიოლების უფროსი მარინა რუხაძე.

მერიაში განმარტავენ, რომ პროგრამა სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის  მინიმალური საყოფაცხოვრებო პირობების შექმნას ემსახურება. 

"იმისათვის, რომ ახალმა საყოფაცხოვრებო ტექნიკამ გავლენა არ მოახდინოს სოციალურად დაუცველი ოჯახის სარეიტინგო ქულებზე  მერია მათ საყოფაცხოვრებო ტექნიკის მიწოდებასთან ერთად  გადასცემს  ცნობას, რომ ნივთი აღნიშნული  პროგრამის ფარგლებში აქვს მიღებული"- ამბობს მარინა რუხაძე.

"მოწყვლადი სოციალური კატეგორიებისთვის მინიმალური სოციალური პირობების შექმნის პროგრამას" ბათუმის მერია უკვე მეორე წელია ახორციელებს. პროგრამის   ბიუჯეტი  500 000 ლარია. საშუალოდ ერთ ბენეფიციარზე  1000 ლარი იხარჯება.  პროგრამა წელს, დაახლოებით, 550 ბენეფიციარს დააკმაყოფილებს.

სატენდერო წინადადებების მიღება 5 ნოემბერს სრულდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში