თუ სკოლებში წიგნები და რვეულები უფასოდ არ დაურიგებიათ, არ იყიდოთ, დაელოდეთ

19 ოქტომბერი 2019, 01:36 3482 ნახვა

ბათუმის საჯარო სკოლების ნაწილში, რადენიმე მოსწავლე ამ დრომდე წიგნისა და სასკოლო რვეულის გარეშეა დარჩენილი. პრობლემა ძირითადად მობილობით გადასულ ბავშვებს შეექმნათ. მშობლები წერენ, რომ სწავლის დაწყებიდან ერთი თვე გავიდა, მოსწავლეებს კი, რვეულები ისევ არ აქვთ. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი განათლების სამინისტროს დაუკავშირდა. რესურსცენტრის ხელმძღვანელი გოჩა დავითაძე ამბობს, რომ წიგნებთან და სასკოლო რვეულებთან დაკავშირებული საკითხი, შემდეგ კვირაში მოგვარდება. მისი განმარტებით, სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო უკვე მიაწოდეს დაზუსტებული სია, რომელ სკოლაში, რამდენ მოსწავლეს, რომელი ავტორის სახელმძღვანელო სჭირდება. 

''თავიდან რაც განსაზღვრული იყო სახელმძღვანელოები ყველა ჩამოვიდა და სკოლებს დაურიგდათ, მაგრამ ქალაქში მობილობა ძაან დიდია, მხოლოდ ამ ზაფხულის განმავლობაში, ქალაქის სკოლებში მოსწავლეთა რაოდენობა 1500 გაიზარდა. ერთი სკოლიდან მეორეში გადასვლის გამო, შეიძლება იმ სკოლაში განსხვავებული სახელმძღვანელო იყოს, გარკვეული ნაკლებობა არსებობს. ეს ინფორმაცია შევაგროვეთ, გადავაგზავნეთ სააგენტოში და მომდევნო კვირაში ველოდებით. მასწავლებელს აქვს სხვა რესურსები. კლასში აკლია ერთი, ორ ან სამ ბავშვს. ამ შემთხვევაში ქსეროქსი კეთდება სკოლა ეხმარება. მსგავსი პრობლემა ყოველწლიურად არის, შემდეგ დამატებითი მოთხოვნებით ვავსებთ'' - უთხრა მაუწყებელს ბათუმის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა. 

აჭარის განათლების სამინისტროში ამბობენ, რომ სხვა მუნიციპალიტეტებში სახელმძღვანელოების დეფიციტი არ არის. 

ერთი სკოლიდან მეორეში გადასვლა ანუ მობილობა, 1 ოქტომბერს დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება. 

საქართველოს განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ მშობლებმა საჯარო სკოლებისთვის განკუთვნილი სახელმძღვანელოები და რვეულები არ უნდა იყიდონ.  

„მექანიზმი არის ასეთი, სანამ სასწავლო წელი დაიწყება დირექტორები ითვლიან თავიანთ მოსწავლეებს და აწოდებენ ინფორმაციას საგანმანათლებლო რესურსცენტრს თუ რამდენი წიგნი და რვეული სჭირდებათ. ამ მონაცემების გაგზავნის შემდეგ სკოლებში თუ მოხდა მობილობა, მაგალითად მიიღეს ან გამოაკლდათ მოსწავლეები, შესაძლებელია სკოლას გაუჩნდეს დანაკლისი, თუმცა ამ შემთხვევაშიც დირექტორი აცნობებს რესურსცენტრს რომ კიდევ სჭირდება ამდენი სახელმძღვანელო და ამდენი რვეული და შევსებას მიიღებს ინფრასტრუქტურის სააგენტოსგან'' – აცხადებენ სამინისტროში.

სასკოლო სახელმძღვანელოების შეძენის და დარიგების პროცესს, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ახორციელებს. პროგრამა” 2013 წლიდან ხორციელდება. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში