მოერიდეთ ბავშვის ვიდეოების გავრცელებას სოციალურ ქსელით - შსს

18 ოქტომბერი 2019, 11:22 2328 ნახვა

"სოციალურ ქსელში გავრცელებული ბავშვის ფოტოები და ვიდეოები, სადაც იკვეთება მისი ასაკისთვის შეუსაბამო ქცევის დასწავლის ნიშნები, შეიცავს საყურადღებო რისკებს არასრულწლოვნის განვითარებისთვის. ამიტომ, მნიშვნელოვანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მშობლების ინფორმირება მსგავსი მასალის გავრცელების საფრთხეებსა და ბავშვის განვითარების რისკებთან დაკავშირებით," - წერია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.  უწყებაში მიიჩნევენ, რომ აღნიშნული საჭიროებს გრძელვადიან მულტიდისციპლინურ მუშაობას, სადაც ჩართული უნდა იყვნენ როგორც სახელმწიფო უწყებები, ასევე, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.

სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტმა სოციალური სამსახურის, სახალხო დამცველის აპარატის, მანდატურის სამსახურისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წრმომადგენლები, მას შემდეგ შეიკრიბნენ, რაც გუშინ, სოციალურ ქსელში 7 წლის გოგონას ფოტო/ვიდეო მასალა გავრცელდა, სადაც ბავშვს აქვს მაკიაჟი, აცვია მოკლე და დეკოლტირებული კაბა, უკეთია ასაკისთვის შეუსაბამო სამკაურლები...  ხაზგასმულია მისი სექსუალობა, რაც სპეციალისტების შეფასებით,  დიდ რისკს აჩენს, ბავშვი პედოფილების სამიზნე გახეს. 

ბავშვის ოჯახის წევრები, ამ შინაარსის ფოტოსა და ვიდეოს გადაღებასა და გავრცელებაში პრობლემას ვერ ხედავდნენ.  შეხვედრაში მონაწილე უწყებები მოუწოდებენ როგორც აღნიშნულ ოჯახს, ასევე, ზოგადად, მშობლებს, რომ თავი შეიკავონ მსგავსი შინაარსის ფოტოებისა და ვიდეოების დამზადებისა და გასაჯაროებისგან. 

"მსგავსი მასალის ფოტო-ვიდეოგადაღება/გავრცელებამ შეიძლება გამოიწვიოს ბავშვის ინტერესების უგულებელყოფა, შეაფერხოს მოზარდის ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარება. ამასთან, არსებობს იმის საფრთხე, რომ ბავშვი შეიძლება გახდეს ბულინგის მსხვერპლი, მათ შორის, ონლაინ სივრცეში. 

ამდენად, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს, არასრულწლოვნის უსაფრთხოებას, კეთილდღეობას, ჯანმრთელობის დაცვას, განათლებას და განვითარებას" -  ინფორმაციას შშს ავრცელებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი