სახიფათო და დაზიანებული რელსები ჩაქვი-ქობულეთის მონაკვეთზე 

18 ოქტომბერი 2019, 13:29 414 ნახვა

სახიფათო რელსები საქართველოს რკინიგზის მთავარ ხაზზე, ჩაქვი-ქობულეთის მონაკვეთში ლიანდაგი დაზიანებულია.   

ხის ძელების ნაწილი დალპა და იშლება, ზოგან ჭანჭიკი არ არის, სიძველისგან ასევე დაზიანებულია რელსი.

ლიანდაგის ამ მონაკვეთს რეაბილიტაციაც ჩაუტარეს, თუმცა როგორც აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაარკვია, მოძველებული სარკინიგზო რელსის გამოცვლის ნაცვლად ის შემოაბრუნეს. სპეციალური მეტალის დამცავი საშუალებები, სამაგრები და ხის ძელები კი მორყეული და ამორტიზებულია. 

რკინიგზის თანამშრომლები ამბობენ, რომ მაგისტრალის დაზიანებულ ნაწილებს საჭიროების შესაბამისად  არემონტებენ.

საქართველოს რკინიგზაში ამბობენ, რომ სარკინიგზო მაგისტრალის მონაკვეთი, რომელიც დღეს მაუწყებლის ობიექტივში მოხვდა ცენტრალური მაგისტრალს არ წარმოადგენს და იგი მხოლოდ ქობულეთის სადგურში შემავალი ხაზია. ლიანდაგი, რომელის გავლითაც მატარებელს ყოველდღიურად თბილისის, ქუთაისისა და ოზურგეთის მიმართულებით მგზავრები გადაჰყავს, მათ შორის ჩქაროსნულს.

სალიანდაგო დეპარტამენტის უფროსი ამბობს, ქობულეთის მონაკვეთის სარკინიგზო ინფრასტრუქტურის კაპიტალური რეაბილიტაცია თვის ბოლოდან დაიწყება, თუმცა გიორგი მარუქაშვილი ირწმუნება, რომ  რკინიგზა არსებული მდგომარეობითაც უსაფრთხოა.

საქართველოს რკინიგზის ას პროცენტიანი წილის მფლობელი, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საპარტნიორო ფონდია.

 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში