პოლიციამ 5 ნარკორეალიზატორი დააკავა

17 ოქტომბერი 2019, 14:45 330 ნახვა

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს და 5 ნარკორეალიზატორი დააკავეს. დაკავების ოპერაცია ერთდროულად ჩატარდა თბილისსა და გარდაბანში. 

სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ბრალდებულებისგან ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. პოლიციამ, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, 11 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება "ჰეროინი" და 20 ათას 970 ლარი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღებას გულისხმობს. დაკავებულების მიერ ჩადენილი დანაშაული 6-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მიმდინარე წელს სამართალდამცველების მიერ ამოღებულია 26,2 კილოგრამი "ჰეროინი", 2 კილოგრამი "კოკაინი", 13700 აბი „სუბუტექსი" და „სუბოქსინი", 23,1 კილოგრამი „მდმა“ 9,8 კილოგრამი ფსიქოაქტიური ნივთიერება და 1 კილო და 600 გრამი ფსიქოტროპული პრეპარატები. ნარკოტიკული საშუალებების უკანონო რეალიზაციის ბრალდებით სულ დაკავებულია 113 პირი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში