" მერია დღეს ლამის ხელჩართულ ბრძოლაშია შესული სამშენებლო კომპანიებთან" - ლაშა კომახიძე მშენებლობებზე

15 ოქტომბერი 2019, 13:34 1687 ნახვა

ბათუმში, თავდადებულის #48 ინვესტორმა  ისე ააშენა, რომ მერიისგან ნებართვა არ მიუღია. ძველ ბათუმში კი, მაზნიაშვილისა და ჟორდანიას ქუჩების კვეთაში ორსართულიან ისტორიულ სახლს ანგრევენ. მერიის ნებართვის გარეშე მიმდინარეობდა, გორგილაძის 116 ნომერში, ე.წ. ბრიტანელების სახლის დემონტაჟიც. 

ლაშა კომახიძე ამბობს, რომ მერია დღეს, ლამის ხელჩართულ ბრძოლაშია სამშენებლო კომპანიებთან, მაგრამ ეს ბრძოლები არავის არ აინტერესებს. ბათუმის მერი ირწმუნება, რომ ქალაქში არც ერთი უკანონო მშენებლობა არ არის, რომელზეც მერიას საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში რეაგირება არ მოუხდენია.

"იმ ინსტრუმენტების ფარგლებში, რომლებშიც მერიას რეაგირება შეუძლია, ყველა ნაბიჯი აქვს გადადგმული. მათ შორის შესაბამის ორგანოებში გაგზავნა მოთხოვნა, დემონტაჟთან დაკავშირებით. სამწუხაროდ ვერ ვღებულობთ იმ დამაკმაყოფილებელ რეაგირებას, რომელსაც ვისურვებდით. მერია არ არის, რაღაც ისეთი სამსახური, რომელიც ყველა ჯაჭვის ყველა ეტაპს მოიცავს.

მერია დღეს, ლამის ხელჩართულ ბრძოლაშია შესული სამშენებლო კომპანიებთან და ამ შემთხვევაში მერიის ეს ბრძოლები არავის არ აინტერესებს, და ყველა რატომღაც დუმს ამის შესახებ. როგორც კი მოხდება ერთი ხმაურიანი თემის წამოწევა, ყველა უკვე საუბრობს რაღაც სხვა თემებზე,"- განაცხადა ბათუმის მერმა. 

ლაშა კომახიძემ თქვა, რომ ჟორდანიასა და მაზნიაშვილის ქუჩების კვეთაში ახალი კორპუსის მშენებლობას თავადაც ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ მერიის მოქმედებებს საფუძვლად სასამართლოს გადაწყვეტილება დაედო. 

"ძალიან დიდი ხანი ამ პროექტს ვეწინააღმდეგებოდი, ორი წლის განმავლობაში ყველა ხერხით მისი შეჩერება ხდებოდა, თუმცა სასამართლო დავა, რომელიც კომპანიამ მოიგო, დაედო საფუძვლად მერიის მოქმედებებს. ჩვენ ვართ გარკვეული ტიპის საქმეების მემკვიდრეები, რომელზეც იძულებული ვართ მოვახდინოთ რეაგირება. სასამართლო მოთხოვნისა თუ სხვა წინმსწერებად დაწყებული საქმეების ფარგლებში. მაქსიმალურად ვცდილობთ, დღეს დაწყებული მშენებლობები და საქმეები იყოს იმ ახალ რეგულაციებში ჩამჯდარი, რომლის ინიციატორიც თავად მე ვიყავი. ჩვენი მერიის სამსახურები"- ამბობს ლაშა კომახიძე.

ქალაქის მერის განმარტებით, როცა პროექტი ბეჭედდასმული და შეთანხმებულია, თუმცა ისინი ფიქრობენ, რომ მისი განხორციელება მიზანშეწონილი არ არის ამ შემთხვევაში იწყებენ მოლაპარაკებებს კომპანიებთან, იმიტომ, რომ იმ ადამიანებს სერიოზული ხარჯები გაწეული აქვს.

" ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, კომპანიებს პროექტები შევაცვლევინოთ, ადგილმონაცვლეობა გავუკეთოთ, ან პროექტში ცვლილება შევიტანოთ, რომ ნაკლებად მტკივნეული იყოს მათთვის"- განაცხადა ბათუმის მერმა.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში