თურქეთმა სირიაში საჰაერო და სახმელეთო თავდასხმა განახორციელა 

10 ოქტომბერი 2019, 09:59 1473 ნახვა

თურქეთმა სირიის საზღვართან საომარი მოქმედებები დაიწყო. უცხოური მედიის ცნობით, სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში სახმელეთო და საჰაერო დარტყმები განახორციელა. 
გავრცელებული ინფორმაციით, თურქული ჯარები სირიის საზღვარს მდინარე ევფრატის აღმოსავლეთით კვეთენ. 

თურქეთის პრეზიდენტმა გუშინ განაცხადა, რომ სამხედრო შეტევების მიზანი, სირიის ქურთებისგან დაცლას ისახავს მიზნად.

რეჯებ ტაიპ ერდოღანმა ეს ნაბიჯი მას შემდეგ გადადგა, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სასაზღვრო ზოლიდან ამერიკის ჯარების გაყვანა დაიწყო. ამერიკის ამ გადაწყვეტილებას ქურთებმა ''ზურგში დარტყმა'' უწოდეს.  

გავრცელებული ინფორმაციით, თურქეთის მიერ დაწყებული სამხედრო ოპერაციის გამო, სირიის საზღვისპირა ქალაქებს მოსახლეობა უკვე ტოვებს.

უცხოური მედიის ცნობით, საჰაერო დარტყმებს უკვე ემსხვერპლა 5 სამოქალაქო პირი, სამი ქურთი მებრძოლი, ათობით მშვიდობიანი მოქალაქე კი დაშავებულია. 

”ოპერაცია „მშვიდობის გაზაფხულის“ ფარგლებში, თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა და სირიის ნაციონალურმა არმიამ მდინარე ევფრატის აღმოსავლეთით სახმელეთო ოპერაცია დაიწყეს”, - წერს თურქეთის თავდაცვის სამინისტრო სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

სამხედრო შეტევების დაწყების გამო, გაერომ შეშფოთება გამოთქვა.

ამერიკის პრეზიდენტმა კი განაცხადა,  რომ თუ ერდოღანი რაიმე ისეთს გააკეთებს, რასაც თავად ზედმეტად მიიჩნევს იგი თურქეთს ეკონომიკურად გაანადგურებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში