"ბათუმობა" ტენდერების გარეშე - 249.500 ათასი ლარი პირდაპირი შესყიდვით დაიხარჯა

09 ოქტომბერი 2019, 16:49 3135 ნახვა

''საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ'' კვლევა ჩაატარა, ორგანიზაცია 2017-2019 წლებში აჭარაში ტენდერის გარეშე დახარჯული თანხებს იკვლევდა. სამ წელიწადში, ახალი წლის, 26 მაისის, ''ბათუმობისა'' და ტურისტული სეზონის გახსნის ღონისძიებებზე, ბიუჯეტიდან 1,493, 385 ლარი დაიხარჯა.

აქედან ტენდერით 665,650 ათასი, პირდაპირი შესყიდვის გზით კი,  827, 735 ლარი. 

კვლევის ფარგლებში დადგინდა, რომ ყველაზე მეტი თანხა ტენდერის გარეშე ბათუმის მერიას აქვს დახარჯული. მიუხედავად იმისა, რომ ''ბათუმობა'' და საახალწლო კონცერტები წინასწარ დაგეგმილი ღონისძიებებია და საკმაოდ ბევრი დრო არის იმისთვის, რომ დაიგეგმოს ხარჯები, უწყებამ მაინც გადაწყვიტა, ორი წლის განმავლობაში, ბიუჯეტიდან 697 105 ლარი, გამარტივებული შესყიდვების გზით დაეხარჯა. 

გამჭვირვალობის კვლევის მიხედვით, ბოლო სამი წყლის განმავლობაში, მხოლოდ ''ბათუმობისთვის''  249.500 ათასი ლარი დახარჯა და სამივე ღონისძიება უტენდეროდ ჩატარდა.  

ბათუმის მერიის გარდა, უტენდეროდ დახარჯეს გეგმიურ ღონისძიებებში საბიუჯეტო თანხები ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომაც. 

საზეიმო ღონისძიებების მოსაწყობად, სამივე უწყებამ 33 გამარტივებული შესყიდვა გააფორმა, რომელთა ჯამური ღირებულება 827,735 ლარი იყო. 

"შემსყიდველი ორგანიზაციები გამარტივებულ შესყიდვებს სახელმწიფო მნიშვნელობის ღონისძიებების შემჭიდროვებულ ვადებში ჩატარების აუცილებლობით ხსნიდნენ.

ორგანიზაციის შეფასება:

''უტენდეროდ გახარჯული 827,735 ლარიდან 247,688 ლარი მუსიკალურ შემსრულებლებთან და მუსიკალური ბენდების მენეჯერებთან გაფორმებულ ხელშეკრულებებზე მოდის. კულტურის სფეროდან მომსახურების მიღება ისეთივე სტანდარტული პროცესი არ არის, როგორც სხვა შესყიდვების (მშენებლობა, დაგეგმარება, საქონლის მიწოდება და ა.შ.) შემთხვევაში, რადგან პროცესი შემოქმედებას ეხება. ამიტომ გასაგებია, თუ რატომ მიმართავენ შემსყიდველი ორგანიზაციები გამარტივებული შესყიდვების პრაქტიკას. თუმცა, მნიშვნელოვანია, არტისტების შერჩევისთვის გამჭვირვალე და განჭვრეტადი კრიტერიუმები ჩამოყალიბდეს, რათა მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი კორუფციის რისკები.

ზემონახსენები ღონისძიებები შემსყიდველი ორგანიზაციების მხრიდან წლის დასაწყისშივე იგეგმება. შესაბამისად, გაუგებარია, თუ რატომ უწევთ შემსყიდველ ორგანიზაციებს ამა თუ იმ კომპანიასთან გამარტივებული შესყიდვების დაჩქარებულად გაფორმება. სწორი დაგეგმვის შემთხვევაში, უნდა გამოცხადდეს კონკურენტული ტენდერი, რაც მომსახურეობის ფასს შეამცირებს და შესაძლო ფარული გარიგებების რისკს აღმოფხვრის.

ამასთან, ხშირად ის კომპანიები, რომლებსაც აღნიშნული ღონისძიებების მოსაწყობად გამარტივებულ შესყიდვებს უფორმებენ, მსგავსი ტიპის მომსახურების მისაღებად გამოცხადებულ სახელმწიფო შესყიდვებშიც უმეტესად უკონკურენტოდ იმარჯვებენ, რაც კულტურის სფეროს ბაზარზე არაჯანსაღი კონკურენციის შთაბეჭდილებას ტოვებს.

შესაბამისად, მოვუწოდებთ შემსყიდველ ორგანიზაციებს, მაქსიმალურად აღკვეთონ კალენდრით გათვალისწინებული საზეიმო ღონისძიებების მოსაწყობად გამარტივებული შესყიდვების პრაქტიკა და დროულად დაგეგმონ და გამოაცხადონ კონკურენტული ელექტრონული ტენდერები. ამასთან, ბათუმის მერიის შიდა აუდიტის სამსახურს მოვუწოდებთ შეისწავლოს შპს „ჯეო ივენთთან” ბათუმის კულტურის ცენტრის მიერ გაფორმებული გამარტივებული შესყიდვების ხელშეკრულებები და გამოიკვლიოს, რითი დაასაბუთა კულტურის ცენტრმა ახალდაარსებულ და გამოუცდელ კომპანიასთან ხელშეკრულებების გაფორმება ტენდერის გვერდის ავლით.''

 

ფოტო: ''ბათუმობა'' 2018

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი