''მდუმარე დეპუტატები'' აჭარის ყველა საკრებულოდან

09 ოქტომბერი 2019, 15:00 492 ნახვა

განცხადება, შეკითხვა, კომენტარი, აზრის გამოთქვა, მოხსენება _ არასამთავრობო ორგანიზაცია ''საზოგადოებრივი განვითარების აკადემიამ''  საკრებულოს წევრების ყველა ტიპის აქტივობა დაითვალა. ამ კვლევის მიხედვით არიან დეპუტატები, რომლებსაც მიკროფონი და საჯარო ტრიბუნა საერთოდ  არ გამოუყენებიათ. საუბარია მეორე კვარტალის შედეგებზე.

კვლევის მიხედვით, აჭარის  ყველა მუნიციპალიტეტში პასიური დეპუტატების რიცხვი უფრო მეტია, ვიდრე აქტიურის. ინიციატივების კუთხითაც ნეგატიური ტენდენციაა, ზოგ შემთხვევაში თვე ისე გადის, რომ არ ფიქსირდება არც ერთი ინიციატივა. პროექტების ავტორის შეფასებით, უკეთესი ვითარებაა ხულოში, შუახევში კი სხდომის ოქმების არასწორი ადმინისტრირების გამო, ზუსტი მონაცემების გამოქვეყნება ვერ შეძლეს. 

კვლევის მიხედვით აღმოჩნდა, რომ გაცდენების, ასევე აზრის გამოთქმის თუ დებატის სიმცირე, საკითხების ინიცირების ნაკლებობა განსაკუთრებით იკვეთება კომიიის სხდომებზე.  ზოგ შემთხვევებში პასიურ დეპუტატებს შორის არიან ოპოზიციონერი წევრებიც. 

ხელვაჩაურის ''ნაციონალური მოძრაობის'' წარმომადგენლის განცხადებით ამის მიზეზი შესაძლოა იყოს არსებული პრაქტიკა. ისინი ამბობენ, რომ ძირითადად ფრაქციის სახელით თავმჯდომარე საუბრობს. მათი თქმით, ასევე ხშირია ზეპირი ფორმით კომუნიკაცია, რაც შესაძლოა ოქმებში ასახული არ იყოს.     

მეორე კვარტლის შედეგები არასამთავრობო ორგანიზაცია ''საზოგადოებრივი განვითარების აკადემიამ'' გამოაქვეყნა. ორგანიზაციის ხელმძღვანელის განმარტებით, აქტიურობის მიუხედავად ყველა დეპუტატმა ისეთივე ანაზღაურება მიიღო, როგორც წინა თვეებში.

მსგავსი კვლევა ორგანიზაციამ, სექტემბერშიც გამოაქვეყნა და ბათუმის საკრებულოს 12 მდუმარე დეპუტატი დაასახელა.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში