როგორ ხსნის ქალაქის მთავარი არქიტექტორი 8 სართულის უკანონოდ აშენებას

02 ოქტომბერი 2019, 14:26 6732 ნახვა

''ბათუმის მერიის პრესტიჟის საქმეა, უნდა დაანგრიონ'' - უთხრა ქალაქის მთავარმა არქიტექტორმა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს. მირიან მეტრეველი ამბობს, რომ სახლის სრული დემონტაჟი მოხდება. მისი თქმით, აკრძალვის და მშენებლობაზე უარის მიუხედავად, ერთ თვეში 8 სართული ააშენეს, დღეს კი მერიის სამსახურები ფაქტის წინაშე აღმოჩდნენ. 

მირიან მეტრეველი ირწმუნება, რომ ქალაქში მსგავსი უკანონო მშენებლობის მაგალითები არ აქვთ და ეს უბრალოდ ერთი კონკრეტული კომპანიის ან მოქალაქის თავხედობაა. 

''კომპანიამ დაახლოებით 2 თვის წინ მოგვმართა 5 სართულიანი სახლის აშენებასთან დაკავშირებით, რაზედაც უარი ეთქვა, რადგან კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაშია. ანუ უნდა წარმოედგინა უფრო დაბალი შენობა. შემდეგ წარმოადგინა 4 სართულიანი, მაგრამ მაინც უარი უთხრეს, რადგან მშენებლობა დაწყებული ჰქონდა.

ერთ თვეში ააშენა 8 სართული და ფაქტის წინაშე ვდგევართ. ეს უნებართვოა და დღეს დემონტაჟი მიმდინარეობს. მერიის პრესტიჟის საქმეა, ყოველ შემთხვევაში უნდა დაანგრიოს ეს შენობა. სხვა გამოსავალი არ არის. რაც კანონით იყო საჭირო გააკეთა ჩვენმა სამსახურმა, თუმცა როგორც ჩანს მათთვის ეს არ არის შემაფერხებელი ფაქტორი. მსგავსი მაგალითები ქალაქში არ გვაქვს. არა მგონია, რომ ვინმეს მხარდაჭერა ქონოდათ. ეს არის უბრალოდ თავხედობა'' - განაცხადა მირიან მეტრეველმა. 

ბათუმის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსი ამბობს, რომ საჭიროა საკანონმდებლო ცვლილებები, აუცილებელია ჯარიმების ოდენობა გაიზარდოს.

ახლა მოქმედი რეგულაციებით უკანონო მშენებლობისთვის, კომპანია  პირველ ეტაპზე 3000 ლარით ჯარიმდება, დაუმორჩილებლობის შემთხვევაში კი თანხა სამმაგდება. მერიის ინფორმაციით, თავდადებულის #48 ნომერში, კონკრეტული მიწის მესაკუთრე რამდენჯერმე დაჯარიმდა. მშენებელი კომპანია კი, იდენტიფიცირებული არ არის. 

ბათუმში, 8 სართულიანი შენობა ისე აშენდა, რომ მერიას ნებართვა არ ჰქონდა გაცემული. ადგილზე გამოკრული იყო სამშენებლო დაფა, სადაც მითითებულია, რომ მშენებლობის ნებართვის გამცემი ბათუმის მერიაა, ხოლო მშენებლობის დამკვეთი – თამარ როყვა. სახლის 8 სართული უკვე აშენებულია, მეცხრე სართულისთვის კი, ხიმინჯები გამზადებული ჰქონდათ. 

სახლის დემონტაჟი დღეს, 2 ოქტომბერს დაიწყო. სპეციალისტებმა მეცხრე სართულზე აშენებული რკინის ბოძები მოხსნეს.

ინფორმაცია გუშინ გაზეთმა  „ბათუმელებმა“ გაავრცელა.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში