სარჩელი სასამართლოს წარმოებაში არ უნდა მიეღო - საია

01 ოქტომბერი 2019, 15:22 3225 ნახვა

''ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ'', აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის კონკურსის შეჩერების განჩინება შეისწავლა. ორგანიზაციის იურისტები მიიჩნევენ, რომ მოსამართლეს გიორგი კოხრეიძის სარჩელი ხარვეზების გამო, წარმოებაშიც კი არ უნდა მიეღო. 

მესამე სექტორში ამბობენ, რომ გიორგი კოხრეიძემ სარჩელი აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს წინააღმდეგ შეიტანა, თუმცა კანონით ბორდი სამართლებრივი სუბიექტი არ შეიძლება იყოს.  

"ცალკე აღებული მრჩეველთა საბჭო ვერ იქნება ის სუბიექტი, რომლის მიმართაც შესაძლებელია სარჩელის წარდგენა. მრჩეველთა საბჭოს ორგანიზაციის მესამე პირებთან ურთიერთობაში წარმომადგენლობის უფლებამოსილებაც კი არ გააჩნია. გიორგი კოხრეიძის მოპასუხე ამ შემთხვევაში პირდაპირ სსიპ საზოგადოებრივ მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოა.

ვინაიდან სარჩელი წარდგენილია ისეთი პირის მიმართ, რომელიც ვერ იქნება მოპასუხე, სასამართლოს უნდა დაედგინა ხარვეზი და დაენიშნა ვადა მის შესავსებად. შესაბამისად, თუ ხარვეზი დადგენილ ვადაში არ აღმოიფხვრებოდა, სასამართლოს სარჩელი არ უნდა მიეღო წარმოებაში" - მიიჩნევენ ორგანიზაციაში. 

თუმცა, მოსამართლე კობა გოცირიძემ სარჩელი წარმოებაში მიიღო და მაუწყებლის დირექტორის შსარჩევი მე-4 კონკურსიც შეაჩერა. 

სამართლებრივად სწორია თუ არა სასამართლოს მიერ სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის პოზიციაზე გამოცხადებული კონკურსის შეჩერება?

საია-ს მოკვლევის მიხედვით, "სასამართლომ შეაჩერა დირექტორის პოზიციაზე კონკურსის გამოცხადების შესახებ მრჩეველთა საბჭოს 2019 წლის 25 აგვისტოს გადაწყვეტილება. საფუძვლად  მიუთითა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლი და იმსჯელა გასაჩივრებული აქტის მოქმედების შეჩერებაზე.

სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის მმართველთა საბჭოს 2019 წლის 25 აგვისტოს  აქტის კანონიერებაზე გიორგი კოხრეიძე არ დავობს. შესაბამისად, გაურკვეველია როგორ მიიღო კონკურსის შეჩერების გადაწყვეტილება ზემოაღნიშნული საფუძვლით სასამართლომ. ამ მოცემულობაში სასამართლოს გიორგი კოხრეიძის შუამდგომლობა არ უნდა დაეკმაყოფილებინა.

აღსანიშნავია ისიც, რომ სარჩელიდან არ იკვეთება რა საფუძვლით ითხოვდა დირექტორის პოზიციაზე გამოცხადებული კონკურსის შეჩერებას გიორგი კოხრეიძე. ამიტომ  სასამართლოს მხრიდან შუამდგომლობის განხილვამდე მიზანშეწონილი იქნებოდა მოსარჩელესთვის დაეკონკრეტებინა კონკურსის შეჩერების შესახებ მისი შუამდგომლობა ეხებოდა ადმინისტრაციული აქტის -  დირექტორის პოზიციაზე კონკურსის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილების შეჩერებას თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელიმე ღონისძიების გამოყენებას" - წერია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ გამოქვეყნებულ წერილში.  

საია მიიჩნევს, რომ სასამართლო განჩინებებთან დაკავშირებული პრობლემები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს სარედაქციო დამოუკიდებლობის საფრთხის რეალურობას აჭარის ტელევიზიაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ მაუწყებელი სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის საფრთხის წინაშეა, განსაკუთრებით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ მაუწყებლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის შეჩერების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გამო.

ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს"  წარმომადგენლის შეფასებით, ხელისუფლებამ ამ მრჩეველთა საბჭოს პირობებში ვერ გაიყვანა სამთავრობო კანდიდატი აჭარის მაუწყებლის დირექტორად და ამიტომ, მე-4 კონკურსი სასამართლოს ძალით შეაჩერა, რომ ახალი დირექტორი იმ ბორდმა აირჩიოს, რომელითაც სასურველ კანდიდატს გაიყვანს. 

აჭარის საოზგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა მოქმედ მრჩეველთა საბჭოს უფლებამოსილება უახლოეს მომავალში ეწურება. ახალი ბორდის წევრების შერჩევაზე კონკურსი უმაღლეს საბჭოში მიმდინარეობს. მრჩეველთა საბჭოს 4 ახალ წევრს დეპუტატები აირჩევენ. ბორდის დაკომპლექტების შემდეგ, 3 კვოტა უმრავლესობას ექნება, რაც დირექტორის ასარჩევად საკმარისია. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში