გიორგი კოხრეიძე - მე შეიძლება სასამართლოდან სარჩელი საერთოდ გამოვიტანო

29 სექტემბერი 2019, 14:46 3002 ნახვა

"მე ვიცავ ჩემს უფლებებს და გავაგრძელებ ამ უფლებების დაცვას, შეიძლება საერთოდ გამოვიტანო სარჩელი,  ჯერჯერობით არ ვიცი რას გავაკეთებ - ასე პასუხობს გიორგი კოხრეიძე აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის კითხვას, აპირებდა თუ არა მეორე ინსტანციის სასამართლოში შეეტანა სარჩელი, თუ ბათუმის საქალაქო სასამართლო მის სარჩელს არ დააკმაყოფილებდა. 

საუბარია სარჩელზე, რომელიც აჭარის მაუწყებლის დირექტორობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, გიორგი კოხრეიძემ ბათუმის სასამართლოში შეიტანა. ის ამტკიცებს, რომ 22 აგვისტოს, კონკურსი კი არ ჩაიშალა, არამედ ის გახდა დირექტორი. 

სწორედ ამ სარჩელზე დაყრდნობით, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს მიერ, 25 აგვისტოს გამოცხადებული დირექტორის მე-4 კონკურსი, მოსამართლე კობა გოცირიძემ შეაჩერა. 

​''პირველ კონკურსში მონაწილეობა და არცერთი ხმის მიღება იყო იმის მიზეზი და მოტივაცია, რომ მე შემეძლო მებრძოლა, რომ მოუპოვებია ხმები.  პირველი კონკურსის დროსა იყო ალოგიკური გადაწყვეტილება, აშკარად დავინახე ბრძოლა ჩემს წინააღმდეგ, პირველივე დღიდან, იყო ჩემი ​ ბულინგი, ვრცელდებოდა და ვრცელდება წარმოუდგენელი ჭორები. ვინ თქვა და საერთოდ, ვინ მოიფიქრა, თითქოს თუ მოვედი მაუწყებელში ადამიანებს დავითხოვ, სადმე ბუნებაში ყოფილა, ვისაც ჩემთან ერთად უმუშავია ოდესმე, დისკომფორტი ჰქონოდა... ჩემი ინტერესი არის საზოგადოებრივი მაუწყებელი და რომ მეკითხებით, რატომ შეიტანე 18 რიცხვში სარჩელიო,  ზუსტად მაგიტომ, ამ დროს დავინახე მე ეს დამოკიდებულება, რომ აქ არ იყო ჩვეულებრივი კონკურსი, აქ იყო ბრძოლა წესების გარეშე. ვიღაცას გონია რომ მე სახელისუფლებო კადრი ვარ - არა, მე ვიბრძვი კანონიერი გზით'- განაცხადა გიორგი კოხრეიძემ აჭარის რადიოს გადაცემა ''კომპეტენტური პასუხის'' ეთერში.

გიორგი კოხრეიძის სარჩელის საფუძველზე, მე-4 კონკურსის შეჩერება მრჩეველთა საბჭოს ხელმძღვანელმა, დროის გაჭიანურებად შეაფასა. ნატა იმედაიშვილმა თქვა, რომ მე-4 კონკურსზე იყო შანსი, რომ სამ ხმით აერჩიათ დირექტორი.
კონკურსის შეჩერების შედეგად, მოქმედი ბორდი ვერ მოახერხებს დირექტორის არჩევას, რადგან ვადა ეწურება. აჭარის მაუწყებლის დირექტორის არჩევნებს, უკვე ახლად დაკომპლექტებული ბორდი შეეცდება, სადაც ხმათა უმრავლესობა, კვოტირების პრინციპით მმართველ გუნდს ექნება.
მესამე სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ხელისუფლებამ ამ ბორდის პირობებში მისი კანდიდატურა ვერ გაიყვანა და ამიტომ დასჭირდათ, სასამართლოს გამოყენება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში